მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაზრდის საქართველოს სუვერენულ რეიტინგს - ლაშა ქავთარაძის შეფასება

6149ed64ab043
ინგა მურუსიძე
26.09.21 16:15
840
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურია”. გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი. რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე გამოქვეყნებულ ანგარიშს bm.ge-სთან საუბარში აფასებს და აცხადებს, რომ სამომავლოდ, რეიტინგის ცვლილება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

„შეფასებას რომ შევხედოთ, კრიზისულ პერიოდში Moody's-ი ერთ-ერთი სარეინტინგო კომპანია იყო, რომელსაც რეიტინგი არ შეუცვლია, განსხვავებით „ფიჩისგან“. რაც შეეხება სამომავლოდ რეიტინგის ცვლილებას, ალბათ ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაზე. თავად დოკუმენტში წერია, რომ ორგანიზაცია საშუალოდ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ეს არ არის მაღალი და ასეთი ზრდის ტემპები ჩვენ გვქონდა წინა წლებში.

იმისათვის, რომ რეიტინგი გაუმჯობესდეს, საჭირო იქნება მთავრობამ ბუჯეტის დეფიციტი უფრო სწრაფად შეამციროს საშუალოვადიან პერიოდში. Moody’s უფრო ოპტიმისტურად უყურებს ამას, ვიდრე მთავრობას აქვს გაწერილი, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რასაც ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს და ეს არის სახელმწიფო ვალის შემცირების საკითხი. ანგარიშში წერია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ის დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალ მაჩვენებელზე დარჩება, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში ვიყავით. ხაზს უსვამს ასევე, რომ საჭიროა ინვესტიციების ზრდა და ექსპორტის დივერსიფიკაცია“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის, საჭიროა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმების გატარება.

„ყველაზე მთავარი, რაც ჩემი აზრით, რეიტინგს გააუმჯობესებს, არის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა, საჭიროა ახალი კომპანიების მოზიდვა, რადგან ბოლო წლებს, რასაც ვუყურებთ, ფაქტობრივად, მსხვილი, ახალი ინვესტორი არ შემოდის.

პირიქით ხდება, კომპანიები, რომლებიც ხედავენ, რომ პრობლემები უჩნდებათ და მოკლე პერიოდში ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ, ყიდიან წილებს და გადიან ბაზრიდან. თუ გვინდა, რომ გვქონდეს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოკლევადიან პერიოდში ეს შესაძლებელია მხოლოდ ინვესტიციების ზრდით, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ინვესტიციებთან ერთად საჭიროა კვალიფიციური კადრების მომზადება, ამისთვის კი საჭიროა თავის მხრივ კადრების მომზადება და რეფორმები საგანმანათლებლო კუთხით“, - ამბობს ქავთარაძე.

რაც შეეხება ინფლაციას, ეკონომისტის შეფასებით, მომდევნო წელს ინფლაცია მაღალ დონეზე გვექნება შენარჩუნებული.

„ამ მხრივ, Moody’s ეთანხმება, რომ არსებული საგარეო ფაქტორები არის დროებითი და ამ კრიზისის შემდეგ ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. თუმცა ჩემი შეფასებით, მომდევნო წელს, ინფლაცია მაღალ დონეზე გვექნება შენარჩუნებული და შესაძლოა საშუალოვადიან პერიოდში საშუალოზე მაღალი იყოს. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, სებ-მა ნდობა გაზარდოს საზოგადოებაში და ფასების დონე იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, ან გადახრის დონე იყოს მინიმალური 3%-დან“, - ამბობს ქავთარაძე.