მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს "თბილღვინოს" 2020-2021 წლებში - ზურაბ მარგველაშვილი

5e0b29a4e1ae0
ვიქტორია მღებრიშვილი
02.01.20 16:00
1609
რუსი და ჩინელი იმპორტიორები პირველ რიგში ლაპარაკობენ ფასზე და ხშირ შემთხვევაში ფასია გადაწყვეტი და არა - ხარისხი, - ამის შესახებ BM.GE-ისთან 2019 წლის შეფასებისას კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა.

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოსთვის“, რომლის ექსპორტი 2019 წელს 18-19%-ით გაიზარდა და 5 მლნ ბოთლი შეადგინა, მთავარი გამოწვევა უცხოურ ბაზარზე ფასის კონტროლია.

„ჩვენ 2019 წლის გეგმა შევასრულეთ და ყველა საექსპორტო ბაზარზე გვაქვს ზრდა. გასულ წელთან შედარებით ექსპორტი დაახლოებით 18-19%-ით არის გაზრდილი. გაყიდვების დაახლოებით 93-94% მოდის ექსპორტზე, 6-7% კი ადგილობრივ ბაზარზე.

ზოგადად, ჩვენ არც ერთ ბაზარზე დაბალ საფასო სეგმენტზე არ გავდივართ. ვცდილობთ აქცენტი ხარისხზე და ძლიერ იმპორტიორთან თანამშრომლობაზე გავაკეთოთ. ეს არ არის იოლი, იმიტომ რომ რუსი და ჩინელი იმპორტიორები პირველ რიგში ლაპარაკობენ ფასზე და ხშირ შემთხვევაში ფასია გადამწყვეტი და არა - ხარისხი. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა იმ მხრივ, რომ გაყიდვები არ შეგვიმცირდეს და ამავდროულად გავზარდოთ გაყიდვები ისე, რომ არ დავეშვათ იმ დაბალ საფასო სეგმენტში, რომელიც დღეს ყველაზე გაყიდვადია“, - განაცხადა ღვინის მწარმოებელმა.

ზურაბ მარგველაშვილის ინფორმაციით, კომპანია ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს და თითოეულ მათგანში პოზიციების გასამყარებლად რამდენიმე პარტნიორი იმპორტიორი ჰყავს.

„ყველაზე დიდი ბაზარი ყაზახეთია; რაც შეეხება რუსეთს, აქ აღვნიშნავ, რომ ზოგადად ჩვენი მიდგომაა, რომ ამ ბაზარზე ჩვენი გაყიდვების წილი 25%-ს არ აღემატებოდეს იმ ცნობილი ფაქტორის გამო, რომ რუსეთში რამე რომ მოხდეს არ გვინდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე. თუმცა ღვინის დარგის დამოკიდებულება ამ მხრივ 60%-ზე მეტია.

ჩვენ რამდენიმე ათეული დასახელების ღვინის ექსპორტს ვახორციელებთ ასევე უკრაინაში, ბელორუსში, ლიტვში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიში, კანადაში, აშშ-ში, ბრაზილიაში, დიდი ბრიტანეთში, ჰოლანდიში და ა.შ.“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

ღვინის კომპანია „თბილღვინო“ ფლობს 227 ჰა-ზე გასენებულ ვენახს და ორ საწარმოს ყვარელსა და თბილისში, თუმცა დამფუძნებლის თქმით, 2020 წელს კომპანია როგორც ვენახების, ასევე საწარმოს გაფართოებას გეგმავს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ვენახების გაშენების პროცესს და უკვე გვაქვს 2020-2021 წლის გეგმები ამ მხრივ. მომავალ წელს კიდევ 40 ჰა-ზე ახალი ვენახი უნდა გავაშენოთ, ისევე როგორც - 2021 წელს“, - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიამ 2019 წელს 6 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავა, მომავალი წლიდან კი, ამ რიცხვის გაზრდას აპირებს.

„ჩვენი ვენახებიდან მოყვანილი მოსავალი არის ჩვენი საჭიროების 25%, დანარჩენს ვყიდულობთ გლეხებისგან გადარჩეულ და ხარისხიან ყურძენს. შესაბამისად, ვართ იმ პროცესში, რომ ვაგრძელებთ ჩვენი ვენახების გაშენებას. გვინდა, რომ ხარისხს ჩვენ თვითონ ვაკონტროლებდეთ. წელს ჩვენ გადავამუშავეთ 6 000 ტონაზე მეტი ყურძენი“, - თქვა ღვინის მწარმოებელმა.

„თბილღვინოს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია 2020 წელს ადგილობრივ ბაზარზე ცნობადობის გაზრდის მიმართულებითაც იმუშავებს.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ უფრო ცნობილია, ვიდრე - ადგილობრივ ბაზარზე, ამიტომ აუცილებლად ვიმუშავებთ ადგილობრივი ბაზარზე ცნობადობის გაზრდის მიმართულებით“, - უთხრა BM.GE-ის ზურაბ მარგველაშვილმა.