მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ფარმაცევტულ ბაზარზე

60505211bf8d0
თათია კაკიაშვილი
04.04.21 23:00
1255

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს საუკუნის განმავლობაში ყველაზე ცუდი პანდემიის დასრულების პოტენციალი აქვთ. ეს  კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებს ასობით მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება ფარმაცევტული ბაზრებისთვის ვაქცინების მიყიდვით შეუძლიათ.

CNN-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ Pfizer-BionTech-ის მიერ წარმოებული პრეპარატის ფასი დოზაზე 20 დოლარზე ნაკლებია, კომპანია ელოდება, რომ ვაქცინის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი წლის ბოლოსთვის დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს შეადგენს, მოგების მარჟა კი დაახლოებით 30% იქნება.

თუმცა, როგორც ჩანს, ვაქცინები ფარმაცევტულ ბაზარზე ფინანსურად ისეთი მოგებიანი არ არის, როგორც, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები.

„ცხადია, რისკი ისეთი კომპანიებისთვის, რომლებმაც COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება დაიწყეს, არსებობდა, თუმცა დღეს თამამად შეიძლება, ითქვას, რომ Pfizer-ს, Moderna-ს და Johnson & Johnson-ს, პრეპარატების რეალიზაციის მხრივ, დიდი პოტენციალი აქვთ“, - განაცხადა შიმუს ფერნანდესმა, გუგენჰეიმის სამედიცინო მედიკამენტების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა.

Johnson & Johnson-ის ადმინისტრაციის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ კომპანია ვაქცინებს ამჟამად არაკომერციულად აწარმოებს, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია მისი რეალიზებისგან ფულს არასდროს გამოიმუშავებს. სამედიცინო სფეროს ანალიტიკოსების თქმით, პანდემიის დასრულების შემთხვევაშიც კი, მოსახლეობას დასჭირდება ვაქცინაცია, ვირუსის ახალი შტამებისგან თავის დასაცავად.

ეს კი ვაქცინების კიდევ უფრო მეტ წარმოებას, მის გაზრდილ რეალიზაციას და, შესაბამისად,  მწარმოებლებისთვის მზარდ შემოსავალს გულისხმობს. Pfizer–ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ აღნიშნა, რომ თუკი ღარიბი ქვეყნები ვაქცინის ერთ დოზაში 20 დოლარს ვერ გადაიხდიან, შესაძლოა, გამონაკლისის სახით, ასეთი ქვეყნებისთვის, ფასმა დაიკლოს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Pfizer–მა ვაქცინის შესაქმნელად გადასახადის გადამხდელებისგან წინმსწრებად თანხა არ მიიღო და პრეპარატის კვლევასა და განვითარებაში 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია თავად ჩადო. ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის შემოსავალი 44-დან 46 მილიარდ დოლარამდე იქნება. გასულ წელს კი ამ რიცხვმა $41,9 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება Moderna-ს, რომელიც შედარებით ახალი ფარმაცევტული კომპანიაა, 2019 წელს, $60 მილიონი ჰქონდა შემოსავალი, თუმცა $529 მილიონი გრანტის სახით მიიღო, ხოლო 2020 წელს ვაქცინის დოზების წინასწარი გაყიდვებიდან - $200 მილიონი დააგროვა. 2021 წელს კი, კომპანია ვაქცინების რეალიზაციით $16 მილიარდის შემოსავალს ელის. აქვე, საინტერესოა, რომ Moderna-ს აქციები ბოლო 12 თვის განმავლობაში 187%-ით არის გაზრდილი.