05.სექტემბერი .2019 09:45

რა ღირს კომერციული ფართები ორბელიანის განახლებულ მოედანზე?

views 1142
უკან

ორბელიანის განახლებულ მოედანზე 1 კვ.მ კომერციული ფართის ღირებულება საშალოდ 40-50 დოლარია. როგორც მეიჯარეები BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავენ, კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ობიექტების მომგებიანობის თვალსაზრისით საკმაოდ დიდია, რადგან განახლებული მოედანი ტურისტულად აქტიური გახდა. როგორც აღმოჩნდა, მსურველები ფართს ძირითადად კაფე-ბარების, ღვინის მარნების, სუვენირების მაღაზიების, სალონების, იურიდიული მომსახურების, სტომატოლოგიური კაბინეტების და ტურისტული კომპანიების გასახსნელად ეძებენ.

თუმცა, მეიჯარეების ნაწილის თქმით, რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს თავდაპირველი უარყოფითი ეფექტი მაინც ჰქონდა. 

მეიჯარე ნატო ბენიძის განცხადებით, ის ამჟამად  35 კვ.მ კომერციულ ფართს 1700 დოლარად აქირავებს. როგორც ბენიძე აღნიშნავს, რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებამდე ორბელიანის მოედნის კომერციულ ფართებზე მოთხოვნა უფრო დიდი იყო.

„1 კვ.მ ფართს 40-50 დოლარად ვაქირავებ. მოთხოვნა ამჟამად კვლავ არის, თუმცა ტურისტული სეზონი, რომ ჩავარდა იმ პერიოდში მოთხოვნაც არსებულთან შედარებით შეწყდა. მაგალითად, ვისაც ტურისტული კომპანიების გახსნა უნდოდა გადაიფიქრა. ახლა ისევ დაიწყო, ბოლო რამდენიმე დღეა გამოხმაურება ისევ მაქვს. ტურისტული სეზონის ჩავარდნამდე მოთხოვნა დიდი იყო, მოედანზეც უფრო მეტი ხალხი მოძრაობდა,“ - განაცხადა ნატო ბენიძემ.  

კიდევ ერთი პირი, რომელიც ფართს აქირავებს - თემურ აბაშიძე განმარტავს, რომ მისი გასაქირავებელი კომერციული ფართი 1 კვ.მ 50 დოლარი ღირს. როგორც ის განმარტავს, ადგილი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.

„პირველ სართულზე 200 კვ.მ-ს ვაქირავებ. მოთხოვნა ძალიან დიდია, ერთი კომერციული ფართი 1 კვ.მ 50 დოლარად უკვე გაქირავებული მაქვს,“ - განაცხადა თემურ აბაშიძემ.

გიორგი ზავრაშვილი განახლებულ ორბელიანის მოედანზე 1 კვ.მ კომერციულ ფართს 1000 დოლარად ყიდის. ზავრაშვილს მიაჩნია, რომ ადგილზე კარგი ღვინის მარნის, ან კლუბის გახსნაა შესაძლებელი.  

„ვვარაუდობთ, რომ ამ ფასად უნდა გაიყიდოს. რადგან ფართი საკმაოდ დიდი, დაახლოებით 200 კვ.მ მგონია, რომ ღამის კლუბი ყველაზე ადეკვატური იქნება, თუმცა ღვინის მარანიც შესაძლებელია. მოთხოვნა ძალიან დიდია, დღეში 3-4 ზარი შემოდის და ვვარაუდობთ, რომ ფართს ძალიან მალე გავყიდით. ორბელიანის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ ძალიან საინტერესო გახდა,“ - აღნიშნა ზავრაშვილმა.

ცნობისთვის: განახლებული ორბელიანის მოედანი 2019 წლის 3 ივნისს გაიხსნა, მისი რეაბილიტაცია „თბილისის განვითარების ფონდის მიერ“ 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, 2 წელი დასჭირდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა 20 შენობა, მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რეაბილიტირდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონა - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერები და კეთილმოეწყო შვიდი ქუჩა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა