მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი გაზი?

626cec00096d8
ნინო ტაბატაძე
30.04.22 12:05
9258
საქართველოში მოპოვებული 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზი, დღგ-ს ჩათვლით, სულ მცირე 272 დოლარი ღირს. მინიმუმ ამ ფასად არის შესაძლებელი დღეისათვის 5 მლნ კუბ. მეტრამდე გაზის შეძენა, რომელსაც „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აუქციონზე ყიდის.

შეთავაზებული გაზის მოპოვება საქართველოში არსებული საბადოებიდან მოხდება. თუმცა შეთავაზება მხოლოდ მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებელს წარმოადგენს და მყიდველისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დამოკიდებული იქნება საბადოდან მოპოვების დინამიკასა და ფაქტობრივ მაჩვენებლებზე.

აუციონის პირობების მიხედვით, გაზის მიწოდება განხორციელდება აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ან მყიდველისათვის 5 000 000 მ3 მიწოდებამდე, რომელი მოვლენაც უფრო ადრე დადგება.

აუქციონი 6 მაისს 16:00 საათზე ჩატარდება.

როგორ დადგინდება გასაყიდი გაზის ფასი

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა ყოველ 1000 მ3 ბუნებრივ გაზში, დღგ- ს გარეშე, 703.73 ლარის საწყისი ფასით იწყება. ვაჭრობა იწყება „საწყისი ფასით“ და გრძელდება „საწყისი ფასის“ 6.12 ლარის ბიჯით გაზრდის პრინციპით

იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მიიღებს მონაწილეობას, ბუნებრივი გაზის გასაყიდი ფასის ოდენობასაწყისი ფასის იდენტური იქნება.

მრავალი მონაწილის არსებობის შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონის ის მონაწილე, რომელიც 1000 მ3 „ბუნებრივი გაზის“ შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.

აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებულ კონტრაქტში დოლარში გადაყვანილი ფასი ჩაიწერება.

აღსანიშნავია, რომ მყიდველს გაზის მისაღებად გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდაც მოუწევს.

საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის 99% იმპორტირებულია, 2021 წლის განმავლობაში გაზის ადგილობრივი მოპოვება  14.9 მილიონი კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით მეტი იყო.

ვინ ეძებს და მოიპოვებს საქართველოში ნავთობს და გაზს?

საქართველოში ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვებით სამუშაოების ლიცენზიას ფლობს 10 კომპანია.

• OMV PETROM (შავი ზღვის II სალიცენზიო ბლოკი);
• „ნინოწმინდის ნავთობკომპანია“ (სალიცენზიო ბლოკი XIE);
• „მარტყოფის ნავთობკომპანია“ (სალიცენზიო ბლოკი XIC);
• Block Energy (სალიცენზიო ბლოკი XIF, XIC ნორიო-საცხენისი, XIC საცხენისი, XIB,IX).
• „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ (სალიცენზიო ბლოკი XII);
• WGPEC (სალიცენზიო ბლოკი V);
• GCE Ltd (სალიცენზიო ბლოკები VIA, VIB);
• „ჯორჯია ოილ ენდ გეზი“ (სალიცენზიო ბლოკები VIII, XIG, XIM, XIN, XIC მარტყოფი, XIC ჩრდილოეთ საცხენისი, XIV, IXA, XIK, XIL, XIA; XIH; XIQ);
• ,,ნაუტიკ ა.ვე.ტე. ენერჯი პი.ტი.ეი. ლიმითედი“ (სალიცენზიო ბლოკი VIIB);
• სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სალიცენზიო ბლოკი XIB სამგორის სამხრეთ თაღი; XIM, XIN ; XIQ; XIK)