მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საწვავის შევსება მსოფლიოს გარშემო და მერამდენე ადგილზეა საქართველო - რეიტინგი

62401bf6294c4
BM.GE
27.03.22 12:01
29385
საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ქსელებში რეგულარის მარკის ბენზინი უკვე 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს, სუპერის კი 3.99 ლარს აჭარბებს. ფასების ზრდა სრულად გამოწვეულია გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობით, რადგანაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე $113 დოლარს აღწევს, ერთი ტონა გადამუშავებული ბენზინის (Platts-ის) ფასი კი რამდენიმე კვირაა 1,000 დოლარს აღემატება. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც, რაც იმპორტის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს. 

2022 წლის მარტის მეორე ნახევრის მდგომარეობით, მსოფლიოს 170 ქვეყნიდან 99-ში პრემიუმის მარკის საწვავი უფრო ძვირი ღირს, ხოლო 69 ქვეყანაში უფრო იაფი. ყველაზე ძვირადღირებული საწვავი ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია.  "საქართველო ბენზინის სიძვირით 21 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში მე-100 ადგილზეა, ანუ 99 ქვეყანა არის ისეთი, სადაც უფრო მაღალია ბენზინზე ფასი, ვიდრე საქართველოში. საშუალო ფასაც თუ შევადარებთ, 95 ოქტანობის ბენზინისას ევროპაში, დაახლოებით 60% -ით უფრო ძვირია ბენზინის ფასი, ვიდრე საქართველოში,"- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა. 

მსოფლიოში ყველაზე იაფი საწვავი ვენესუელაშია, სადაც სახელმწიფო სუბსიდიის გამო ლიტრი პრემიუმის მარკის ბენზინი 8 თეთრი ღირს, ყველაზე ძვირადღირებული საწვავი კი ჰონგ-კონგშია, სადაც მისი ღირებულება 9 ლარს აჭარბებს. 




საქართველოს მთავრობა საწვავის ფასის დაზღვევის მექანიზმზე მუშაობს - ამის შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია “საქმის კურსს” დაუდასტურა.

ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რომ დაზღვევის მექანიზმზე სამინისტროში მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კონკრეული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამინიტროში სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჯერ კიდევ 17 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდებოდა მთავრობა ფასის დაზღვევის გარკვეულ მექანიზმებს შეუმუშავებდა. “შესაძლებელია ეს იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე, ქვედა ნაწილი ფასების” - განაცხადა ხუციშვილი.

რა წილი უკავია გადასახადებს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებში:

შესაძლებელია დათვლა, თუ რა წილი უკავია შემადგენელ კომპონენტებს საწვავის ფასში. თუკი სამომხმარებლო ქსელში რეგულარის მარკის ბენზინი ღირს 3.71 ლარი, მისი ღირებულების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია შესასყიდი ფასი, ანუ ბენზინის თვითღირებულება. $1000 დოლარის Platts-ის პირობებში ლიტრი ბენზინის თვითღირებულებაა 2.45 ლარი, ამას ემატება სახელმწიფო აქციზი 38 თეთრის ოდენობით და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც საბოლოო ფასის 18%-ია. ანუ დღგ-ს წილი 66 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, 2.44 ლარის თვითღირებულებას ემატება 1.04 ლარის გადასახადები, რაც 3.48 ლარს შეადგენს. თუმცა, ამას ემატება თავად ნავთობკომპანიის სხვა ხარჯები, რაც შედგება ლოჯისტიკისგან, ხელფასებისგან, ფინანსური ხარჯებისგან, სხვა გადასახადებისგან და მოგების მარჟისგან. მთლიანობაში ამ კომპონენტზე ამჟამად 22 თეთრი მოდის.

სახელმწიფოს საწვავის ფასებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუკი გადაიხედება საგადასახადო ტვირთი. მაგალითად აქციზის განახევრებით, შესაძლებელია ბენზინის სარეალიზაციო ფასის 25 თეთრამდე შემცირება.