მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღონისძიებებს ატარებს ბათუმის მერია კორონავირუსის პრევენციისთვის

5e720171c30d6
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 22:21
852
ბიუჯეტში გამოთავისუფლებულია სხვადასხვა ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახსრები - ჯამში 700 ათასი ლარი, რაც აჭარის ა. რ. მთავრობასთან კოორდინაციის საფუძველზე, მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებისთვის. ამის შესახებ BM.GE-ის ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი ბათუმში COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე, მათ შორის, ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება სკოლებს, მუნიციპალურ ბაღებსა და სასადილოებს, ბიბლიოთეკებს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს, ღამის თავშესაფარს, ადმინისტრაციულ შენობებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებს. მომართვის საფუძველზე, დეზინფექცია ჩატარდა კერძო ბაღებსა და დაწესებულებებში, ასევე სხვადასხვა სარესტორნო ქსელში.

ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია.

რაც შეეხება მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს, შეიქმნება პროდუქტების კალათა, რომლის საშუალებითაც, ორშაბათიდან, 8000 აღსაზრდელის ოჯახი შეძლებს მათთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღებას მათივე საბავშვო ბაღებიდან.

ხვალიდან დაიწყება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (რეგისტრირებული ამხანაგობების მიხედვით 850-მდე) სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები. დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით მოსახლეობამ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოს: 577 49 59 59.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში გამოთავისუფლებულია სხვადასხვა ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახსრები (ჯამში 700 ათასი ლარი), რაც, აჭარის ა. რ. მთავრობასთან კოორდინაციის საფუძველზე, მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.