მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვიშლის ხელს DOING BUSINESS-ის საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტში? - გაგუას მოსაზრება

5db1e525ec76e
ლიკა გურაბანიძე
24.10.19 22:00
990
"Doing Business-ის რეიტინგში საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტი ერთ-ერთია, სადაც უკეთ უნდა ვიმუშაოთ", - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ "საქმის კურსის" წამყვანის იმ კითხვას, რომელიც DOING BUSINESS-ის რეიტინგის საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტში საქართველოს 45-ე პოზიციაზე ყოფნის მიზეზებს შეეხებოდა.


"მსგავსი რეიტინგია საერთაშორისო ლოგისტიკის ინდექსიც, სადაც ჩვენ მაღალ პოზიციებზე არ ვართ, რაც საერთაშორისო ვაჭრობის რეიტინგში გვიშლის ხელს. ზოგადად, აქ გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არაა ის მიმართულება, სადაც რეალურად მოკლევადიან  პერიოდში გავცემთ პასუხს. ბუნებრივია, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ქვეყნაში სამხრეთიდან ჩრდილოეთით კორიდორის აშენებას ითვალისწინებს, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ის მიმართულებებია, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს, დაძლიოს ის პრობლემები, რაც ლოგისტიკური ხასიათისაა", - განაცხადა გაგუამ.

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკმა დღეს Doing Business-ის 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევა მსოფლიოს 190 ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის მიხედვით, წელსაც საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ TOP-ათეულში შედის, თუმცა 2019 წლის ანგარიშთან შედარებით, მისი პოზიცია მე-6-დან მე-7 ადგილზე ჩამოვიდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ საკუთარი სარეიტინგო ქულა 0.2 ქულით, 83.7-მდე გაიუმჯობესა, თუმცა, აშშ-ის პროგრესი უფრო დიდი აღმოჩნდა და მან საქართველოს ერთი პოზიციით გაუსწრო. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.