მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გზავნილია მაღალი ინფლაცია ინვესტორებისთვის? - კობა გვენეტაძის პასუხი BMG-ს

610a568901e32
ინგა მურუსიძე
04.08.21 13:00
923
კრიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ bm.ge-ს კითხვას იმის შესახებ, პანდემიურ პერიოდში არჩევანი ინფლაციურ სტაბილურობაზე უნდა გაკეთდეს თუ ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი?

„მე თავად მითქვამს, რომ ბალანსის დაჭერა არის საჭირო, რადგან თუ მოხდა მონეტარული პოლიტიკის ძალიან გამკაცრება, ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო თუ არ მოხდა საჭირო ზომების მიღება, ამ შემთხვევაში უკვე ინფლაცია იქნება მაღალი, რაც არ არის სასურველი გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის.

მართალია, მონეტარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში აქტივობას დროებით ანელებს, თუმცა ეს ნაბიჯი აუცილებელია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული ბანკი ორივე მხარემ შეიძლება გააკრიტიკოს. იმ შემთხვევაში თუ ინფლაცია უფრო მაღალი იქნა, რატომ არ მოხდა გამკაცრება და იმის გამო, თუ გამკაცრება მოხდა და ამის გამო ზრდა შედარებით შენელდა, რატომ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, კრიტიკა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, ამის არიდება შეუძლებელია, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს დაბალანსებული გადაწყვეტილება და უნდა მისცეს სიგნალი საზოგადოებას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად შემცირდება.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა გზავნილია მაღალი ინფლაცია ინვესტორებისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს:

“ვფიქრობთ, რომ გზავნილი ინვესტორებისთვის არის ის ნაბიჯი, რომელსაც ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში იღებს, თუ რამდენად ადეკვატურია, და თუ ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს ზომები ადეკვატურია, ამას რისკად არ განიხილავენ. ეს იქნება დროებითი ფენომენი, რომელიც გაივლის. მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები ინფლაციასთან დაკავშირებით ყოველთვის დროული და ადეკვატური იყო.

იმედი მაქვს, რომ ასეთივე შეფასებები იქნება სარეიტინგო კომპანიებიდან და ზუსტად საშუალოვადიან პერიოდზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია კვლავ დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს. არ დაგვავიწყდეს, რომ არაორდინალური პანდემიის გავლენის ქვეშ იმყოფება როგორც საქართველოს, ასევე გლობალური ეკონომიკა და გაურკვევლობის ფაქტორები არის ძალიან დიდი. ისევე როგორც ფისკალური დეფიციტი დაუბრუნდება თავის სიდიდეებს, საგარეო ვალი დაუბრუნდება სიდიდეებს, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, ასევე გადავლილი იქნება ეს გავლენები“, - თქვა კობა გვენეტაძემ.