19.აპრილი .2021 21:31

რა იცვლება აღსრულების კოდექსში და რა საფრთხეებს ხედავს ბიზნესი?

რა იცვლება აღსრულების კოდექსში და რა საფრთხეებს ხედავს ბიზნესი?
views 2121
უკან

საქართველო აღსრულების ახალ სისტემაზე გადადის. შესაბამისი ცვლილებები “აღსრულების კოდექსში” შედის, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეა.

ამჟამად საქართველოში არსებობს ერთი მხრივ, სახელმწიფო აღსრულების ეროვნული ბიურო და მეორე მხრივ, არსებობენ კერძო აღმასრულებლები. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ძირითადად მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება და საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობას აღასრულებს, დანარჩენი საქმეები კი კერძო აღმასრულებლებს გადაეცემათ. კერძო აღმასრულებელები საკუთარი ნება-სურვილით ვეღარ დარეგისტრირდებიან, სახელმწიფო მათ ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გადაანაწილებს. კერძო აღმასრულებლები საქმეებსაც ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ავტომატურად ჩაიბარებენ. კანონის ძალაში შესვლიდან მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამოუკიდებლად კონტრაქტებს ვერ გააფორმებენ და მხოლოდ იმ საქმეებზე იმუშავებენ, რომლებიც მათ ავტომატურად დაეწერებათ.

შესაბამისად, არც ბიზნესს ექნება არჩევანი, რომ დაიქირავოს მაგალითად, სესხის ამომღები კონკრეტული კომპანია, რომელიც მას სურს.

აღმოჩნდა, რომ ბიზნესისთვის სწორედ ეს საკითხია პრობლემური. “საქართველოს ბიზნესასოციაციაში” აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აღმასრულებელთან საქმეების გაბნევა აღსრულების პროცესს შეაფერხებს, არაეფექტიანს გახდის და დროში გააჭიანურებს მას, რაც საფინანსო ორგანიზაციას რისკებს გაუზრდის და საბოლოო ჯამში სესხებსაც გააძვირებს. BAG-ის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, კონკურენცია ბაზარზე მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს, კანონის შემოღების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში კი ეს შეიზღუდება, რაც ბაზარზე უარყოფითად აისახება.

“ეს ჩანაწერი მიზანშეუწონლად დააზიანებს საფინანსო სექტორის ინტერესებს, რომელიც აისახება ამ სექტორის საქმიანობაზე, აღსასრულებული საქმეების როდენობაზე, ეფექტურობაზე, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი გადაინაცვლებს პროდუქტის (სესხის) ფასში”,- აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

აღნიშნულს ეთანხმებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-შიც. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღსრულების კომპანიებისთვის შეზღuდვების დაწესება, კონკურენციის მოშლას ნიშნავს, რაც მომსახურების ხარისხს გააუარესებს.

“საფინანსო ორგანიზაციას არჩევანის საშუალება ეკარგება, რაც ნიშნავს, რომ იკარგება კერძო აღმასრულებლებს შორის კონკურენცია. მინდა გითხრათ, რომ კერძო აღმასრულებელი ძალიან ბევრია ბაზარზე და მათგან ვარჩევდით იმას, ვინც გვთავაზობდა ჩვენთვის მისაღებ მომსახურებას. ფასები მეტ-ნაკლებად რეგლამენტირებულია კანონით, ამიტომ კონკურენცია სწორედ რომ მომსახურების ხარისხში იყო და ამის მიხედვით ვარჩევდით, ვინ დაგვექირავებინა. ახლა არჩევანის საშუალება გვეკარგება და იძულებული ვართ, ვისარგებლოთ იმ აღმასრულებლით, რომელიც ლოტოტრონის პრინცiპით ამოგვივა”,- აცხადებს MBC-ის დირექტორი გია პეტრიაშვილის.

არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე “საქართველოს ბიზნესასოციაცია” გამოდის ინიციატივით, შეიცვალოს საკანონმდებლო ჩანაწერი და კერძო აღმასრულებლებთან კონტრაქტის გაფორმება შეუზღუდავად იყოს შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომელ რეგიონში საქმიანობს ესა თუ ის აღმასრულებელი. ასეთ შემთხვევაში ნიკა ნანუაშვილი გარკვეულ დათქმებზე საუბრობს.

“აღმასრულებლებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებულ საქმეთა აღსრულება, თუმცა, პარალელურად არ უნდა შეეძლოთ უარის თქმა იმ საქმეებზე, რომელიც მათ დაეწერებათ ავტომატური განაწილების პრინციპით. აღმასრულებლები გადატვირთვისგან რომ დავაზღვიოთ, შეიძლება შევზღუდოთ აღსასრულებელი საქმეების რაოდენობითაც. აქ შეიძლება ფილტრების დაყენება, რომ მაგალითად ერთ აღმასრულებელს არ უნდა დაეწეროს 200-ზე მეტი საქმე, რათა მან შეძლოს ვალდებულებების შესრულება ყველა დამკვეთთან”,- აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, სანამ კანონი დამტკიცდება, ეცდებიან კანონმდებლებს შეხვდნენ და დაარწმუნონ, რომ მათი ინიციატივა შესაძლოა, უფრო პროპორციული იყოს იმ მიზნის მისაღწევად, რაც სახელმწიფოს აქვს, რომ აღსრულება მთელი ქვეყნის მასშტაბით გახადოს ხელმისაწვდომი.