მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება დაგროვებითი პენსიის კანონში - სააგენტოს დირექტორის განმარტება

609285549025c
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.21 19:15
17979
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ BMG-ის საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია ესაუბრა, რომლის განცხადებითაც, ეს ცვლილებება ძირითადად პროცედურულ და ტექნიკურ ნაწილებს შეეხება და დაგროვებითი პენსიის სისტემაში შინაარსობრივად არაფერი იცვლება.

გიორგი დანელიას თქმით, მომზადებული კანონპროექტი არაერთი ასოციაციის, მათ შორის ბუღალტერთა ასოციაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

“ეს პაკეტი ძირითადად ეხება ტექნიკურ ცვლილებებს. ასევე დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებებს. საპენსიო სააგენტო უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. ეს პერიოდი ჩვენ გამოვიყენეთ, რათა დაგვეხვეწა სერვისები, რომლითაც ჩვენი ბენეფიციარები სარებლობენ. ამასთანავე,  საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა ბიზნესასოციაციასთან, მაგალითად, ახლახანს გვქონდა შეხვედრები ბუღალტერთა კავშირთან და მათგან საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციები მოვისიმინეთ თუ როგორ შეიძლება ჩვენი პროცესების საოპერაციო ნაწილის უფრო დახვეწა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ტექნიკური ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს საქმიანობაში და ეს უნდა ავსახოთ ასევე კანონმდებლობაში, რომლითაც რეგულირდება ჩვენი საქმიანობა და სწორედ ამას ისახავს ეს ცვლილებები მიზნად.

კანონის ყველა ის ნაწილი, რომელიც ეხება რისკის მართვას და საინვესტიციო პოლიტიკას რჩება უცვლელი", - განაცხადა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში გიორგი დანელიამ.

2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.42 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო ფონდში ამჟამად 1,145,808 მოქალაქის საპენსიო დანაზოგი არის აკუმულირებული. ამასთან, ყოველთვიურად საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 11,000-ზე მეტად იზრდება.

2020 წლიდან მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესი დაიწყო. ეს აქტივები ამჟამად სრულად ეროვნულ ვალუტაში არის განთავსებული. კერძოდ, 1.42 მილიარდი ლარის 62% ინვესტირებულია ქართული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 38% კი ქართული ბანკების ვადიან დეპოზიტებში არის განთავსებული.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით 800-მდე ადამიანმა ისარგებლა.

საქართველოში საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში მონაწილეობა 40 წლამდე პირებისთვის - სავალდებულო, 40 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფილობითი იყო. საპენსიო სისტემაში ჩართული თითოეული მოქალაქის ხელფასიდან 6% ირიცხება. უფრო კონკრეტულად კი დასაქმებული საპენსიო ფონდში რიცხავს საკუთარი ხელფასის 2%-ს, 2% ირიცხება დამსაქმებლის მიერ, რასაც სახელმწიფოს 2%-იანი კონტრიბუციაც ემატება.