15.აგვისტო .2020 12:50

რა იცვლება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით? – ბიზნეს ასოციაციის შეფასება

views 1607
უკან

“პარტნიორებს წინასწარ მოუწევთ დაფიქრება იმაზე, როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებას რიგ საკითხებზე, მათ შორის მოგების გადანაწილებაზე, ქონების განკარგვაზე, კომპანიის რეორგანიზაციაზე” - მეწარმეთა შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტი ბიზნესწრეებისთვის მისაღებია.

როგორ bm.ge-თან საუბრისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული მიმართულების დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა, იცვლება შპს-დ რეგისტრაციის პროცესი, თუმცა ეს კომპანიებისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯი არ იქნება.

ნანუაშვილის თქმით, მომზადების პროცესში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე დონორი ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

“ძალიან ბევრი სიახლეა, პრაქტიკულად ახალი კანონია. კანონებზე მუშაობის პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია იმიტომ, რომ მონაწილეობდა როგორც ადგილიბრივი, ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც მთავარია ბიზნეს სექტორი. ახლებურად მოწესრიგდა ბევრი რაღაც. ნაცვლად დღეს არსებული ღია კანონისა, რომელიც ბევრ კითხვაზე პასუხს არ იძლევა, გვექნება ახალი კანონი, რომლითად დიდწილად მოწესრიგდება კომპანიის დაფუძნების, მის პარტნიორებს შორის ურთიერთობის, ასევე კომპანიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს ყველაფერი ძირითადად შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბევრ ევროპულ კომპანიას გაუადვილდება ქართულთან ურთიერთობა.

დღეს არსებული კანონი ტოვებდა დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ცალკე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს განევითარებინა პრაქტიკა, ცალკე სასამართლოს, რაც არაერთგვაროვანი იყო შემთხვევიდან შემთხვევამდე და უამრავ გაუგებრობას იწვევდა, დაბნეულობას მეწარმეებსა და პრაქტიკოს იურისტებში. ახალი კანონი ამ სივრცეს ნაკლებად ტოვებს. ნაცვლად შპს-ს რეგისტრაციისთვის შაბლონური წესდებისა, სადაც აქამდე მხოლოდ სახელი, გვარის და რეკვიზიტების ჩაწერა იყო საჭირო, ახლა ოდნავ მეტი დაფიქრება იქნება საჭირო. ეს არ ნიშნავს რომ ფინანსური ხარჯი გაიზრდება, ეს არ ნიშნავს დამატებით ადმინისტრაციულ ბარიერს, უბრალოდ პარტნიორებს წინასწარ უფრო მეტად მოუწევთ დაფიქრება იმაზე, მაგალითად რა პრინციპით მიიღებენ გადაწყვეტილებას რიგ საკითხებზე, მოგების გადანაწილებაზე, ქონების განკარგვაზე, კომპანიის რეორგანიზაციაზე, პარტნიორის გასვლაზე თუ გარიცხვაზე. ანუ კანონი გვაძლევს ჩარჩოს და ამის ფარგლებში პარტნიორები თავად უნდა შეთანხმდნენ. კანონი ასევე აწესებს სავალდებულო სტანდარტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რია-ს შეფასება, რომელიც კარგად ასახავს მის საჭიროებას.

ჩვენ შენიშვნები სამუშაო პროცესშიც გვქონდა, თუმცა, ეს არ იყო პრინციპული საკითხები, ჩვეულებრივი სამუშაო შენიშვნები იყო, რომელსაც ინიცირების პროცესში წარვადგენთ.”- განაცხადა ნანუაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ კანონპროექტზე მუშაობა სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ახალი კანონით ჩანაცვლდება 1994 წელს მიღებული მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც მისი თქმით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, ის თანამედროვეობას და ბიზნესწრეების ინტერესებს არ პასუხობს.

კანონპროექტს პარლამენტში სავარაუდოდ შემოდგომაზე განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა