მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება მეწარმეთა შესახებ კანონში - ლევან ალაფიშვილის მოსაზრება

5f3e879053156
შოთა ტყეშელაშვილი
20.08.20 18:20
3618
საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა "მეწარმეთა შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ახალი წესით აწესრიგებს კომპანიების პარტნიორთა შორის ურთიერთობებს, მათ შორის განსაზღვრავს უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს მინორიტარი მეწილეების მიმართ. BMG-ისთან საუბარში იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, კანონპროექტში არსებული ჩანაწერი "კონტრაქტის თავისუფლების" კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში. ალაფიშვილი განმარტავს, რომ პრობლემურია კანონპროექტის ის მუხლები, რომლებიც სტანდარტული წესდების საკითხებს განსაზღვრავენ, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტროს ანიჭებენ უფლებას განსაზღვროს კომპანიის სტანდარტული წესდება. ალაფიშვილის თქმით, ამგვარი სისტემის დანერგვა წინააღმდეგობაში მოდის კონტრაქტის თავისუფლების პრინციპთან. 

"კანონპროექტი არის 1994 წლიდან, დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე დაგროვილი გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების ახლებურად გააზრების შედეგი. სამეწარმეო საქმიანობა განხილულია არა მხოლოდ კომპანიის პარტნიორებისა თუ ხელმძღვანელების ურთიერთობების ჭრილში არამედ უფრო ფართოდ. კომპანიას, როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს აქვს ვალდებულებები საზოგადოებისა და კრედიტორების მიმართ. კანონპროექტში მოცემულია გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის სავალდებულო სტანდარტები - საზოგადოების პარტნიორებმა, მინორიტარებმა, კრედიტორებმა უნდა იცოდნენ არსებითი ხასიათის პროცესებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მათ უფლებებზეც.

კანონპროექტით დეტალურად გაწერილია კეთილსინდისიერების, კონკურენციის, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვისა და რეორგანიზაციის წესები. ამ საკითხებზე მოქმედი კანონის ხარვეზები ივსებოდა სასამართლო პრაქტიკით, რომელიც ხშირად არ იყო ერთგვაროვანი.

აღსანიშნავია სამეწარმეო ურთიერთობებში კრედიტორთა, მინორიტარ პარტნიორთა და თვით კომპანიის საზოგადოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის სასამართლო კონტროლის გაძლიერება. კომპანიაში გადაწყვეტილების მიღების ან ხელმძღვანელის დანიშვნის შეუძლებლობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო იმ ვადით ვიდრე გადაწყვეტილებას თვით პარტნიორები არ შეძლებენ.

ბუნებრივია კანონპროექტის კანონად ქცევა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ პარლამენტში მიღწეულ კონსენსუსს, არამედ დაინტერესებული საზოგადოების მხარდაჭერასაც. ეს მიზანი კანონპროექტის ფართო საზოგადოებრივი განხილვების შედეგად მიიღწევა. განხილვების შედეგად კანონპროექტის ბევრი დებულება შეიცვლება.

კანონპროექტის განხილვებისას მსჯელობის საგნად უნდა იქცეს სისტემური, კონსტიტუციური მნიშვნელობის საკითხებიც.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სტანდარტული წესებების დამტკიცება იმ შემთხვევებისთვის, როცა კომპანიის პარტნიორებს არ აქვთ იგი მიღებული. სტანდარტული წესდების დამტკიცების უფლებამოსილება გადაცემული აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს. დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ კომპანიის წესდება არის სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება რაც დაცულია კონსტიტუციით და საკუთრების უფლების ფარგლებში ცნობილია როგორც კონტრაქტის თავისუფლება. იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტული წესდების პირობების კომპანიაზე გავრცელება შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევად. საქართველოს კონსტიტუცია და „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონი სამეწარმეო კანონმდებლობის და იურიდიული პირების საქმიანობის წესების დადგენის კომპეტენციას განუსაზღვრავს მხოლოდ პარლამენტს, ეს საკითხები საკანონმდებლო აქტით, კანონით განისაზღვრება. ამდენად, იუსტიციის მინისტრისთვის სტანდარტული წესდებების დამტკიცებისა და ამ წესდებების პირობების კომპანიისა და პარტნიორების უფლებებზე გავრცელება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან,"- აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი. 

მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი (სრული ვერსია)

რა იცვლება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით? – ბიზნეს ასოციაციის შეფასება