მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება საბანკო რეგულაციებში - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება

5dfb87424b469
ინგა მურუსიძე
19.12.19 18:29
2491
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების დაკრედიტების მეთოდოლოგიას ცვლის. ამის შესახებ გაგუამ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

„მნიშვნელოვანი გამარტივებაა შემოსავლის ჯგუფების კატეგორიზაციის მიმართულებით, შემოსავლის ჯგუფების ოთხი ჯგუფი იყო აღნიშნული, ხოლო მეთოდოლოგიით, რომლის შემოღებასაც აპირებს ეროვნული ბანკი, იქნება მხოლოდ ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფი იქნება 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის და 1000 ლარის ზემოთ. ანუ, რეალურად ორი კატეგორია იქნება, ორი ჯგუფი, რაც მნიშვნელოვანი გამარტივებაა. ამას მიესალმება საფინანსო სექტორიც“, - განაცხადა გაგუამ.

როგორ შეიცვლება ლიმიტები, რომლებიც შესაძლოა მიმართული იყოს სესხის მომსახურებაზე თითოეული ფიზიკური პირის შემოსავლიდან, ამ საკითხს bm.ge ამ წუთებში არკვევს და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

საბანკო რეგულაციების შესახებ:

2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამასთანავე, განისაზღვრა საშემოსავლო ჯგუფები და თითოეულისთვის დაწესდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი. დადგინდა ერთიანი ჭერიც - იპოთეკური სესხის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 15 წელს. კიდევ ერთი ცვლილება უცხოურ ვალუტაში სესხების შეზღუდვაა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით მოქალაქეებსა და ბიზნესებს 200,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება აეკრძალათ. 

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ლიმიტი ასეთია: 
  1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს); 
  2. თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს); 
  3. თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს); 
  4. თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება. 
შეგახსენებთ, რომ IMF-მა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კანონმდებლობა ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და გადახდისუუნარობის წესის შესახებ გააძლიერებს ფინანსურ მდგრადობას და გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თქვა, რომ რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორთან კონსულტაციები მიმდინარეობს.