მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება სამეწარმეო საქმიანობის წესდებასა და სადამფუძნებლო შეთანხმებაში?

5f3b7a1c8315d
ინგა მურუსიძე
18.08.20 12:30
1379
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ კანონპროექტზე მუშაობა. როგორც მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ახალი კანონით ჩანაცვლდება 1994 წელს მიღებული მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც მისი თქმით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას და ბიზნესწრეების ინტერესებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, იცვლება სამეწარმეო საქმიანობის წესდების და სადამფუძნებლო შეთანხმების შედგენის წესები და შინაარსი:

კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედ კანონში არსებული რეგულაციების მსგავსად, კანონპროექტის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთიანი დოკუმენტის წარდგენა, რომელსაც კანონპროექტი „სადამფუძნებლო შეთანხმებას“ უწოდებს. სადამფუძნებლო შეთანხმება თავის თავში მოიცავს საზოგადოების წესდებას და კანონით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

ამ თვალსაზრისით, კანონპროექტი შემდეგ მიდგომას ემყარება: წესდება უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ცვლილების საჭიროებაც იშვიათად უნდა დადგეს. ამასთან, კანონპროექტს შემოაქვს სტანდარტული წესდების ინსტიტუტი, როგორც შაბლონური, არაინდივიდუალიზებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება და რომელიც, პარტნიორების სურვილისამებრ, შეიძლება შესაბამისი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებაზე გავრცელდეს. ამ მიდგომიდან გამომდინარე, წესდებისადმი წაყენებული მინიმალური ინფორმაციის მოთხოვნა მხოლოდ ისეთ საკითხებს შეეხება, რომლებიც არ ახდენს საზოგადოების ინდივიდუალიზებას, ხოლო შედარებით ცვალებადი, არამარეგულირებელი ფუნქციის მატარებელი ის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ სამეწარმეო საზოგადოებასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, საფირმო სახელწოდება, პარტნიორების და დირექტორის ვინაობა და სხვ.), წესდების მიღმა, სადამფუძნებლო შეთანხმების სხვა ნაწილში იქნება მოცემული.

რაც შეეხება წესდებას - სტანდარტული წესდება არის საზოგადოების სამართლებრივ ფორმაზე მორგებული, არაინდივიდუალიზებული ტექსტი. სტანდარტულ წესდებებს, საზოგადოებების ფორმების მიხედვით, დაამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. კანონპროექტი ადგენს სამეწარმეო საზოგადოების წესდების, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილის, მინიმალურ შინაარსს და შემოიფარგლება სამი მონაცემით: სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი და წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული მინიმალური რეგულაციების მიღმა, პარტნიორები თავისუფლები არიან წესდების შინაარსის განსაზღვრაში.

სტანდარტული წესდების  ინსტიტუტი ბრიტანულ პრაქტიკას ემყარება და მიზნად ისახავს: სადამფუძნებლო ხარჯების შემცირებას; სამეწარმეო საზოგადოებისათვის სამართლებრივად გამართული და დაბალანსებული წესდების შეთავაზებას; იმ შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მოწესრიგებას, რომლებიც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. 

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.