21.ივლისი .2020 20:00

რა იცვლება სავალუტო ბაზარზე და როგორ გაიზრდება მოვაჭრეთა რაოდენობა

views 430
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო ბაზრის, კერძოდ კი სავაჭრო სისტემის რეფორმას იწყებს. საუბარია Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღეს მოქმედი წესების მოდიფიცირებაზე და ვაჭრობაში ახალი სისტემის Bmatch-ის დანერგვაზე.

დღეს ლარის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დგინდება. ამ სისტემაში ჩართულები არიან კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დებენ გარიგებებს იმის მიხედვით თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე. სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით შესაძლებელი გახდება, რომ ვაჭრობის სისტემაში ჩართული პირების რაოდენობა და შესაბამისად, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების რაოდენობები გაიზარდოს. ამისთვის კი, სებ-ი Bmatch პლატფორმას ნერგავს, რომელზეც შესაძლებელი იქნება ბანკებმა გარიგებების შეთავაზებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელით გააკეთონ.

ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ ბანკებს კომპანიებისთვის შეეძლებათ შეთავაზონ ბირჟაზე ვაჭრობის მომსახურება, ამისთვის კი მათ სებ-ისგან სპეციალური წესები ექნებათ დადგენილი. გიორგი ლალიაშვილის თქმით, ბანკს ახალი წესების თანახმად, უნდა ჰყავდეს დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც კომპანიებისთვის ტერმინალის მეშვეობით შეასრულებს გარიგებებს, ასევე ბანკს უნდა ჰქონდეს განსხვავებული სადილინგო კოდიც მისი მთავარი სადილინგო კოდისგან, რომლითც გარიგებებს შეასრულებს.

“კომპანიას შეეძლება საკუთარ მომსახურე ბანკს დაავალოს, რომ გარიგება დადოს უშუალოდ ამ კომპანიის სახელით. Bmatch პლატფორმაზე განაცხადს დახვდება სხვა კომერციული ბანკის განაცხადი, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაცხადი, ან ასეულობით სხვა კომპანიის განაცხადი. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ეს განაცხადი დაკმაყოფილდება ძალიან სწრაფად და რაც მთავარია, ბაზარზე იმ დროს არსებული საუკეთესო კურსით, არის ძალიან მაღალი. ეს არის Bmacth პლატფორმის ერთ-ერთი ღირსება უპირატესობა და ამით ააქტიურად ისარგებლებენ კომპანიები.

Bmatch პლატფორმაზე კიდევ უფრო გაფართოვდება წრე. აქ მონაწილეთა სახით არიან ჩართული კომერციული ბანკები, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და 1 ოქტომბრიდან დაემატებიან კომპანიები. ანუ ერთ ადგილას, ერთ პლატფორმაზე, შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ გარიგებების თანხვედრა მოხდება ძალიან სწრაფად და იმავდროულად, ეს მოხდება საუკეთესო კურსით რაც იმ დროს არსებობს ბაზარზე. ამას უზრუნველყოფს Bmatch-ის ახალი პლატფორმა და სებ-ის ახალი წესები.

კომპანიებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა Bmatch-ის პლატფორმაზე პირდაპირ ივაჭრონ. ამისთვის ისინი უნდა გახდნენ Bloomberg-ის ტერმინალის მომხმარებლები. ვფიქრობთ, რომ ამ სერვისით ისარგებლებენ და უპირატესობას მიანიჭებენ მსხვილი კომპანიები. კომპანიებს შეეძლებათ, რომ არაპირდაპირაც ჩაერთონ. კომერციული ბანკი საკუთარ კლიენტს ამისთვის გადაახდევინებს მცირე ტარიფს, რომელიც ეროვნული ბანკის წესის მიხედვით იქნება ფიქსირებული", - განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.

გიორგი ლალიაშვილი - ინტერვიუ




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა