მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება სავალუტო ბაზარზე და როგორ გაზრდის Bmatch-ი მოვაჭრეთა რაოდენობას

60195d426c278
BM.GE
03.02.21 10:15
745
1 თებერვლიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მხოლოდ Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით დგინდება. ახალი სისტემა განსხვავდება იმით, რომ მისი მეშვეობით ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით ბანკებთან და მისოებთან ერთად კომპანიებიც დაიშვებიან. 

აქამდე მოქმედ სისტემაში ჩართულები იყვნენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დებენ გარიგებებს იმის მიხედვით თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე. სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით შესაძლებელი გახდება, რომ ვაჭრობის სისტემაში ჩართული პირების რაოდენობა და შესაბამისად, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების რაოდენობები გაიზარდოს. ამ პლატფორმით შესაძლებელი იქნება ბანკებმა გარიგებების შეთავაზებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელით გააკეთონ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე უფრო მეტი მონაწილის გამოჩენა კონკურენციის დონეზე დადებითად იმოქმედებს.

"Bmatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა. განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას.

Bmatch პლატფორმა რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება:

გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით - ერთიდაიგივე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა;

გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით;

პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია;

პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.