29.სექტემბერი .2022 14:06

შოკოლადის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება - დეტალები

შოკოლადის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება - დეტალები
views 879
უკან

მომავალი წლიდან კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და ბაზარზე განთავსება შესაბამისი მოთხოვნების დაცვით მოხდება. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიზანი შოკოლადის პროდუქტებთან დაკავშირებით რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს: კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელების, მათი ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების, ასევე დასაშვები ინგრედიენტების გამოყენების პირობებს.

რეგლამენტის თანახმად, გარდა კაკაოს ცხიმისა, შოკოლადის პროდუქტს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცენარეული ცხიმები იმ პირობით, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საბოლოო, მზა პროდუქტის 5%-ს. ასეთი პროდუქტების ბაზარზე განთავსება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალთან, ხედვის იგივე არეალში მკაფიოდ, ტიპოგრაფიულად ადვილად შესამჩნევად მითითებული იქნება: „კაკაოს ცხიმთან ერთად შეიცავს სხვა მცენარეულ ცხიმებს (მცენარეული ცხიმის მითითებით)“.

გარდა ამისა, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოებაში, შესაძლებელია, დამატებულ იქნეს სხვა საკვები ნივთიერებები იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მზა პროდუქტის საერთო წონის 40%-ს.

ფქვილის, სახამებლის გრანულების ან ფხვნილის დამატება დასაშვებია იმ პირობით, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.

დასაშვებია მხოლოდ იმ არომატიზატორების დამატება, რომლებიც არ ახდენენ შოკოლადისა და რძის ცხიმის გემოს იმიტაციას/სიმულაციას.

დასაშვებია ვანილინისა და ეთილვანილინის გამოყენება ცალ-ცალკე ან კომბინაციაში ისე, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ/კგ-ს.

გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შაქრებისა, დასაშვებია დამატკბობლების გამოყენება, იმ პირობით, რომ შაქრების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების შემთხვევაში, სათანადო ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა განთავსდეს შოკოლადის დასახელებასთან ახლოს.

რეგლამენტით განსაზღვრულია მოთხოვნები კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართაც:

1. კაკაოს ცხიმი − ცხიმი, რომელიც მიღებულია კაკაოს მარცვლებიდან ან კაკაოს მარცვლების ნაწილებიდან და რომელშიც თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების მასური წილი შეადგენს არაუმეტეს 1,75%-ს, ხოლო გაუსაპნავი ნივთიერებების მასური წილი შეადგენს არაუმეტეს 0,5%-ს.

2. კაკაოს ფხვნილი, კაკაო − პროდუქტი, რომელიც მიღებულია გასუფთავებული, კანგაცლილი და მოხალული კაკაოს მარცვლების ფხვნილად დაფქვით/დაქუცმაცებით და რომელიც შეიცავს არანაკლებ 20% კაკაოს ცხიმსა და არაუმეტეს 9% წყალს;

3. შოკოლადის ფხვნილი − პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს კაკაოს ფხვნილისა და შაქრის ნარევს და რომელშიც კაკაოს ფხვნილის შემცველობა შეადგენს არანაკლებ 32%-ს;

4. შოკოლადი (იგივე მწარე შოკოლადი, ნახევრადტკბილი შოკოლადი, შავი შოკოლადი ან „chocolat fondant“) − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტებისა და შაქრებისგან და რომელიც შეიცავს არანაკლებ 35% კაკაოს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის, არანაკლებ 18% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 14% კაკაოს მშრალ, უცხიმო ნივთიერებებს;

5. შოკოლადის მინანქარი/ჭიქური - პროდუქტი, რომელიც შეიცავს არანაკლებ 35% კაკაოს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის, არანაკლებ 31% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 2,5% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებას;

6. რძიანი შოკოლადი − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტებისგან, შაქრებისა და რძისაგან ან რძის ნაწარმისაგან და შეიცავს: არანაკლებ 25% კაკაოს მშრალ ნივთიერებას; არანაკლებ 14% რძის მშრალ ნივთიერებას; არანაკლებ 2,5% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებას; არანაკლებ 3,5% რძის ცხიმს;

7. თეთრი შოკოლადი − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს ცხიმისგან, რძის ან რძის ნაწარმისა და შაქრებისგან, რომელიც შეიცავს არანაკლებ 20% კაკაოს ცხიმს და არანაკლებ 14% რძის მშრალ ნივთიერებებს;

8. შოკოლადი გულსართით - გულსართიანი პროდუქტი, რომლის გარეთა ზედაპირი დაფარულია შოკოლადით, რომლის რაოდენობა არ უნდა შეადგენდეს პროდუქტის საერთო მასის 25%-ზე ნაკლებს და რომლის გულსართის შემადგენლობა არსებითად განსხვავდება გარეთა ზედაპირის შედგენლობისაგან.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა