მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იქნება "ბიზნეს სახლისთვის" აშენებული შენობის ფუნქცია? - ნათია თურნავას პასუხი

5dbcadd025ac3
თელარა გელანტია
02.11.19 12:15
1094
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაანონსებული ბიზნეს სახლი არ შეიქმნება.

მართალია, 2016 წელს დაანონსებული პროექტის განხორციელება დაიწყო და ორთაჭალაში ბიზნეს სახლისთვის შენობა ამჟამადაც შენდება, მაგრამ როგორც bm.ge-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მოქმედმა მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა, ბიზნეს სახლი იმ ფორმით, როგორც ეს 2016 წელს გაჟღერდა, არ ამოქმედდება.

„ბიზნეს-სახლის კონცეფცია, პირველ რიგში, ესაა ერთიანი, გამარტივებული სერვისები და ჩვენ ამ ერთი ფანჯრის პრინციპის ფარგლებში, ვამუშავებთ და ბიზნესს შევთავაზებთ ვირტუალურ ბიზნეს-სახლს“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

„განვახორციელებთ ერთიანი ფრონტ-ოფისის ამოქმედებას, მაგრამ არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით და ისეთი პროგრამები, როგორიცააა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მურნეობის პროგრამები, ტურისტული პროგრამები და ა.შ. იქნება ერთიანი ფრონტით წარმოდგენილი, რათა ადამიანებს სერვისების მიღება გაუმარტივდეთ. რაც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, ძვირადღირებული შენობა სრულიად არაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა თავ-თავიანთ სოფლებში მიიღონ სახელმწიფო სერვისები. ბიზნეს-სახლი იქნება განთავსებული არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ იუსტიციის სახლთან, რადგან მას აქვს ყველაზე კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ამოცანა ის კი არაა, რომ ადამიანი თბილისში ჩამოვიყავნოთ სერვისების მისაღებად, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც არის, იქ მივაწოდოთ საჭირო სერვისი“, - განუცხადა bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, კითხვაზე - რა იქნება ბიზნეს-სახლისთვის აშენებული შენობის ფუნქცია, მინისტრმა განაცხადა, რომ მის „განკარგვაზე იზრუნებენ“.

„ჩამოვყალიბდებით შემდგომში როგორ განვკარგავთ მას (შენობას)... შენობას გავყიდით ან შეიძლება რომელიმე უწყება გადავიდეს, ტყუილად არ დაიკარგება... ჩვენ მას განვკარგავთ ისე, რომ ის თანხა (იგულისხმება 10 მლნ ლარი, რომელიც შენობის კარკასის აშენება ჯდება) ტყუილად დახარჯული არ იქნება. ეს შენობა ჩვენი საკუთრებაა. ძალიან მიმზიდველი ობიექტია და ვიზრუნებთ მის განკარგვაზე“, - ამბობს ნათია თურნავა.