19.მარტი .2020 19:30

რა იქნება ეკონომიკური ზარალის მოცულობა - ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან

views 567
უკან

საქართველოს ეროვნული ვალუტა ბოლო 10 დღეში დოლართან 14%-ით გაუფასურდა, მთავრობა ეკონომიკური ზრდის შენელებას ელის, საბანკო სისტემა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ათასობით მოქალაქეს საშეღავათო პერიოდს სთავაზობს, მთავრობამ კი 1 მილიარდი ლარის მოცულობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გადაცემა “საქმიან დილის” კითხვებს უპასუხა. სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკის არაერთ სექტორში იქნება შემოსავლის შემცირება. ამასთანავე, შემცირდება მოთხოვნა ქართულ ექსპორტზე, ასევე დაიკლებს ფულადი გზავნილების მოცულობაც. არსებულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოლაპარაკებები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომელთაგანაც სახელმწიფო მნიშვნელოვანი მოცულობის დახმარების მიღებას ელის.

როგორ ხვდება საქართველოს საფინანსო სისტემა ეკონომიკურ შოკს?

როდესაც ვამბობ, რომ საბანკო საბანკო სისტემა მომზადებული ხვდება ამ შოკს, ეს ნამდვილად არ არის ლიტონი სიტყვები. ეროვნული ბანკის მიერ კარგად იყო გაანალიზებული ის საკითხები, რომლებიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ წარმოიშვა. აქედან გამომდინარე, სიტუაცია, რაც საბანკო სისტემაში გვაქვს - მე გვულისხმობ კაპიტალის მდგრადობის თვალსაზრისით, ლიკვიდობის თვალსაზრისით, იგივე ჭარბვალიანობის თვალსაზრისით, მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ გამოწვევებს კარგად ვხდებით.

საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხები არის ისტორიულად დაბალ დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ესეც დაეხმარება ამ სიტუაციიდან კარგად გამოსვლას.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით სამი წელია რაც არასაბანკო სექტორის ზედამხედველობაც დავიწყეთ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
სექტორი აბსოლუტურუად ქაოტურად ვითარდებოდა და დიდ რისკებს აგროვებდა, თუმცა რეგულირების შედეგად, მათაც დაუგროვდათ კაპიტალის მოთხოვნები. შესაბამისად, ისინიც საკმაოდ კარგ სიტუაციაში არიან რომ ამ შოკს გაუმკლავდნენ.

რა ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა?

ჩვენ ახლა ვუყურებთ ორ შოკს. ერთი არის კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული შოკი, რომელიც არის ზოგადად ეკონომიკაში ნდობის შემცირების მიმართულებით მოქმედი შოკი. მაღალია მოლოდინი იმისა, რომ ვითარება გაუარესდება.

ამ შოკს თან დაერთო ნავთობის ფასების ჩამოშლა და აქ არსებული დრამატული შემცირება. ეს ორივე შოკი მოქმედებს სხვა და სხვა მხრივ საქართველოს ეკონომიკაზე.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა კიდევ ერთი შოკი. გასულ წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაწესდა ავიაემბარგო, ჩვენი ეკონომიკისთვის ეს შოკი იყო.

ჩვენ გავიარეთ ეს გამოწვევა და შეიძლება ითქვას, რომ კარგი შედეგები გვქონდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებიდან ამ შოკის დაძლევასთან მიმართებით. ამას კი ახლა კორონავირუსის ეფექტი დაემატა.

საქართველო რა თქმა უნდა არ არის იზოლირებული და ის დამოკიდებულია გლობალურ და რეგიონულ მოვლენებზე. ყოველთვის როდესაც ასეთი შოკი ხდება, მოთხოვნა ზოგადად ქართულ პროდუქციაზე მცირდება. შესაბამისად, უცხოეთის მხრიდან ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა იქნება უფრო დაბალი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

ამავე დროს, ნავთობის ფასებთან მიმართებით დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, რაც 2014 და 2015 წლებში იყო.

გადმორიცხვები არის საქართველოს ეკონომიკისთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო, ეს გადმორიცხვები დიდი ალბათობით შემცირდება.

მეორე მხრივ, საქართველოდანაც უფრო ნაკლები იქნება მოთხოვნა იმპორტზე, რაც გარკვეულწილად, დამაბალანსებელ როლს შეასრულებს.

ჩვენ მიერ, განვლილი 3-4 წელი საკმაოდ კარგად იქნა გამოყენებული, რათა გაანალიზებულიყო სწორედ 2014-2015 წლების გაკვეთილები. რას ვგულისხმობ ამაში? - როდესაც შოკი ხდება, ადგილობრივ ეკონომიკაზე მისი ეფექტის გამაძლიერებელ როლს მაღალი დოლარიზაცია ასრულებს. შესაბამისად, ეს წნეხი არ აძლევს ეკონომიკას იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მარტივად გამოვიდეს ამ ვითარებიდან.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად ცდილობდა და ბევრი ნაბიჯი გადაიდგა დოლარიზაციის შესამცირებლად. შედეგად, დღეს ამ შოკს დაახლოებით 13-14 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალი დოლარიზაციის მაჩვენებლით ვხდებით, ვიდრე ეს 2014-2015 წლებში იყო.

სხვა ფაქტორებიც არის, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუ 2014 წელს დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 13.4% იყო, 2019 წელს ის რეკორდულად დაბალი იყო და 4.4%-ს შეადგენდა.

ვფიქრობ რომ ეს გარემოებები დღეს უკეთეს სიტუაციაში გვაყენებს, ვიდრე წარსულში ვიყავით.

რა შედეგებზე არის ორიენტირებული გეგმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ იქნა გაჟღერებული და რომელიც თქვენ გაქვთ?

იმ პოლიტიკის გატარებით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, ჩვენ ვქმნით სწორედ წინაპირობას, რომ საფინანსო სისტემა სხვადასხვა შოკის მიმართ იყოს მზად.
ეს არის ბუფერების შექმნა კაპიტალთან დაკავშირებით, ეს არის ბუფერების შექმნა ლიკვიდობასთან დაკავშირებით, მცდელობა იმისა, რომ უმოქმედო სესხები იყოს დაბალ დონეზე.

ის ბუფერები რაც დაგროვილი გვაქვს, როგორც ლიკვიდობის თვალსაზრისით, ასევე კაპიტალის ზღვების მიმართულებითაც არის საკმაოდ კარგ დონეზე. ჩვენ უნდა მივცეთ ამ ბუფერებს საშუალება, რომ შთანთქას ის ზარალები, რომლებიც ამ სიტუაციაში შეიძლება წარმოიშვას.

მოდით ვთქვათ რომ სირთულეები იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტი ვერ ჩამოვა ქვეყანაში, მომსახურების სექტორში, ტრანსპორტში, სასტუმროებში, რესტორნების სექტორში რა თქმა უნდა ამას გავლენა ექნება და გარკვეულწილად გაიზრდება უმოქმედო სესხები. ზუსტად ეს ბუფერები, რაც არის დაგროვილი და რასაც დრო და დრო ვავსებდით ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკით, შთანთქას ამ ბუფერებმა ეს დროებითი მოვლენები. ამავე დროს, არ შეფერხდეს და გაგრძელდეს დაკრედიტება, რათა ეკონომიკამ შეძლოს განვითარება.

როგორ მიიღეს ბანკებმა სესხებზე სამთვიანი შეღავათების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება?

ამასთან დაკავშირებითაც არასწორი ინფორმაციები გავრცელდა, თითქოს ბანკებს აიძულეს ეს გაეკეთებინათ. ნამდვილად არ ყოფილა ასე. ეს იყო მათი ინიციატივა. ბანკებს ნამდვილად აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად გრძნობენ ამ სიტუაციას.

2008 წელს საქართველოში არ ვმუშაობდი, მაგრამ, როგორც ვიცი, ომის პერიოდშიც მოხდა ასეთი შეღავათების მიცემა. რაც გითხარით, რა ბუფერებიც არის დაგროვილი სისტემაში, აძლევს კომერციულ ბანკს ამის განხორციელების შესაძლებლობას.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მუშაობენ მსგავს მიდგომაზე. ბანკების მხრიდან ამ ინციატივაში ჩართვა იყო ნამდვილად ნებაყოფლობითი, არავის არ დაუვალებია ეს. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო სესხების განულებასთან დაკავშირებით. ვისაც უნდოდა შეუერთდა, ვისაც არ უნდოდა არ შეუერთდა.

18 მარტს დაფიქსირდა თქვენი, ფინანსთა მინისტრისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან, რომ IMF საქართველოს გვერდით დგას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან კიდევ ვისთან არის ამჟამად საუბარიდა რა რესურსებზე გვექნება წვდომა?

აქაც ვფიქრობ, რომ იმ მიდგომამ, რომელიც ჩვენ გვქონდა, გაამართლა. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა. როდესაც ასეთი პროგრამა მიმდინარეობს, ეს არის იმის ნიშანი, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში არის სწორი.

სავალუტო ფონდის პროგრამა 2020 წლის აპრილში იწურებოდა, თუმცა 2019 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გაგრძელების შესახებ. ცხადია ამ პერიოდში ვერანაირ კორონავირუსზე ვერ ვიფიქრებდით, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ ეს წელი რთული იქნებოდა, მათ შორის არჩევნების მოლოდინიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომაც,
მოვითხოვეთ პროგრამის გაგრძელება.

შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურია ის თანხა, რასაც პროგრამის ფარგლებში სავალუტო ფონდისგან ვიღებდით, თუმცა თავად ამ პროგრამის არსებობა შესაძლებელს ხდის რაც შეიძლება ჩქარა გააკეთო რესურსების მობილიზება, რათა გაუმკლავდე შოკებს.

IMF-ის პროგრამის არსებობა ამასთანავე სხვა დონორებს აძლევს კომფორტს, რომ მათაც ასევე გააკეთონ დახმარება.

ამჟამად საუბარი მიდის მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების გამოყოფის შესახებ. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ასევე შედარებით მცირე სხვა ორგანიზაციებიც.

საქართველო ამჟამად განიცდის საგადასახდელო ბალანსის შოკს. ტურიზმიდან არ იქნება შემოსავალი, მომსახურებიდან არ იქნება შემოსავალი, გადმორიცხვები შემცირდება.

ნავთობის ფასის შოკიდან და სავაჭრო პარტნიორების საკმაოდ მძიმე ვითარებიდან გამომდონარე, მათი ვალუტებიც უფასურდება, რაზე შეგვიძლია ვისუაბროთ ლარის კურსთან მიმართებით?

იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ცარიელ დარბაზში გამოდის, მაშინ, როდესაც საფეხბურთო მატჩები მაყურებლების გარეშე იმართება, მაშინ, როცა საერთაშორისო ბირჟები ჩამოშლილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლარი არის გაუფასურებული. ეს არის ის, რაც არ შეიძლება სხვანაირად მოხდეს.

მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ხდება რეაგირება და გამკლავება იმ გამოწვევებთან, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ აბსოლუტურად კარგად გვესმის, თუ რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული. ძალიან კარგად ვაანალიზებთ სიტუაციას და გვესმის, მაგრამ წინასწარვე ვდგამდით ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით. იგივე დოლარიზაციის მიმართულებით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ასევე ბუფერებთან დაკავშირებით. ამიტომ დღეს ჩვენი ზომები იქნება სიტუაციიდან გამომდინარე.

საჭირო თუ იქნება (დოლარის) გაყიდვა, ჩვენ გავყიდით. თუ საჭირო იქნება რეზერვების შემცირება, ასეც მოვიქცევით. იმდენად დიდია გაურკვევლობების დონე, რომ ძალიან რთულია წინასწარ თქვა, რომ გააკეთებ ამას და ამას. მაგრამ ვამბობ, გავაკეთებ იმას, რაც არის აპრობირებული, გაანალიზებული და რაც იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით რაც გვაქვს, უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში

თუ შეგიძლიათ დასახელება ეკონომიკური ზრდის რიცხვისა, რაც ახალი სცენარით გაქვთ პროგნოზირებული? ასევე თუ იგეგმება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გადახედვა?

ამ სიტუაციაში ჩემთვის ძალიან რთულია, რომ რაიმე შეფასება მოგცეთ. რადგან ჯერ შესაბამისი ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზისთვის არ არსებობს.

ვიცით, რომ ზრდა დაბალი იქნება. ის რომ გაურკვევლობა იქნება ეს ჩვენ პრეს-რელიზსშიც ავსახეთ. იგივე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის თუ შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, ეს უნდა დაგვანახოს დრომ.

რაც შეეხება ინფლაციას, სამიზნე მაჩვენებელი იგივეა და კვლავ 3%-ზე რჩება.

აპრილში როდესაც შემდეგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გვექნება, უნდა გადავწყვიტოთ, ავწიოთ თუ არა განაკვეთი. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ეფექტი უფრო გადაძალავს, ეფექტური კურსის გაუფასურების თუ მოთხოვნის შემცირების. მე შემიძლია გითხრათ რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია აუცილებლად დაუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს.

თანხების მოზიდვისას თუ არის განსაზღვრული კონკრეტული მოცულობა, რისი მობილიზებაც უნდა მოხდეს? რა თანხაზეა საუბარი, $1 მილიარდზე, $2 მილიარდზე თუ რა მოცულობის თანხაზე?

რა თქმა უნდა ამაზე არის ნაფიქრი. როგორც მინიმუმ ეს უნდა იყოს იმის შესადარისი, რა შოკიც აქვს ეკონომიკას. როდესაც ამის დათვლა გახდება შესაძლებელი საგადასახდელო ბალანსიდან გამომდინარე. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით რომ კიდევ უფრო წინდახედულები ვიყოთ და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურის მობილიზაცია გავაკეთოთ, ვიდრე სხვა შემთხვვეაში იქნებოდა შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "საქმიან დილაში"

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა