07.მაისი .2021 12:31

რა იქნება პრემიერის სპეციალური მრჩევლის ძირითადი მისია? - ღარიბაშვილის განმარტება

რა იქნება პრემიერის სპეციალური მრჩევლის ძირითადი მისია? - ღარიბაშვილის განმარტება
views 388
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე იმუშავებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მრჩეველი წარადგინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში საჭიროა, ეკონომიკის აღდგენის ახალი გეგმა, რომელშიც უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სპეციალური მრჩევლის ძირითადი ფუნქცია სწორედ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა იქნება.

კერძოდ, ვაზილ ჰუდაკი იმუშავებს უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის; მას ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისევე, როგორც საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებსა და ბანკებთან.

ვაზილ ჰუდაკი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაში უცხოელი ინვესტორების - როგორც, ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ჩართულობას.

„მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი, ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი და მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად; ფინანსთა მინისტრად. მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში, როგორებიც არიან „ჯეიპი მორგანი“, „სითი ბანკი“. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ბატონი ვაზილი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მაშინ ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ბატონი ვაზილი წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ბატონმა ვაზილმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისთვის მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა სწორედ ბატონი ვაზილის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ვაზილს ამ შეთავაზების მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვაზილ ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა