მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იქნება სასჯელი კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის, პანდემიის შემდეგ?

5ea056a8e2feb
ინგა მურუსიძე
22.04.20 19:45
3222
კარანტინის ან იზოლაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

ამ მიზნით მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დღეს მიიღო, ვკითხულობთ, რომ კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია კორონავირუსის გამო მსოფლიო მასშტაბით შექმნილი უპრეცენდენტო მდგომარეობიდან გამომდინარე და სხვა შესაძლო ეპიდემიური შემთხვევებისას საფრთხის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად.

ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკე მუხლი იქნება საგანგებო/საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის თაობაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება დეკრეტით და მთავრობის დადგენილებით. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა დაკონკრეტებული არ არის და პრეზიდენტის დეკრეტში იქნება განსაზღვრული, თუ როგორ უნდა იყოს სანქცირებული კონკრეტული სამართალდარღვევები, კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევის ჩათვლით.

შესაბამისი ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით განსაზღვრული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება. კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა განმეორებით ან ნასამართლევი პირის მიერ გამიწვევს შინაპატიმრობას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ცვლილებები ამოქმედება მიმდინარე წლის 2 მაისიდან.

პარლამენტმა 76 ხმით 0-ის წინააღმდეგ დამტკიცებული ცვლილებებით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარით. ასევე, სამართალდამცველებს უფლება ექნებათ, ფიზიკური პირი საკარანტინო ან იზოლაციის სივრცეში იძულებით გადაიყვანოს.

დღეს მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და იურიდიული პირის - 15 000 ლარით, პრეზიდენტის დეკრეტით არის განსაზღვრული და შესაბამისად, დროებითია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს საკანონმდებლო დონეზე ისეთი მექანიზმის შემქნას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იმოქმედებს.

"აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მოახდენს აღნიშნული
კორონავირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.