მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იწვევს ადგილობრივ ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქციის დეფიციტს - „ნოვას“ განმარტება

6135b8f082b83
თათია ჩაფიჩაძე
06.09.21 22:15
688
იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები იზრდება. ფასის ზრდის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე რიგი პროდუქციის დეფიციტია, რასაც კომპანიები ჩინეთიდან რამდენჯერმე გაზრდილი საკონტეინერო მომსახურების ფასებით და გაზრდილი მიწოდების ვადებით ხსნიან.

კომპანია „ნოვაში“ აცხადებენ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილი ღირებულების გამო, კომპანიები დიდი რაოდენობით შესყიდვებისგან თავს იკავებენ.

„პანდემიის პერიოდში გარკვეულწილად გაიზარდა მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე, გარდა ამისა ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით იმ კონტეინერების, რომელიც მფლობელებმა პანდემიამდე გამოითხოვეს, ბრუნვაში ჩაბრუნებას დასჭირდა დრო და ამის გამო წარმოიშვა ორი დიდი პრობლემა: პირველი - ეს არის ფასების კატასტროფულად ზრდა, აქ საუბარი არ არის ერთხელ და ორჯერ ზრდაზე, ის კონტეინერი, რომელიც ღირდა 2 000, გახდა 12 000. მეორე - ვადა, რომელიც იყო 1.5 თვე, გაიზარდა 3 თვემდე, ამან გამოიწვია ბაზარზე არაერთი პროდუქციის დეფიციტი. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში კომპანიებმა გარკვეულწილად თავი შეიკავეს დიდი შეკვეთების გაკეთებისგან, რამაც ძალიან ბევრი მიმართულებით მარაგების წყვეტა გამოიწვია“, - განმარტავს „ნოვას“ გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დასტაბილურების ნიშნები არ არის.

„ნოვაში“ ჩინეთის ბაზრის ჩანაცვლება გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებით მოახერხეს, თუმცა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები საშუალოდ 5%-დან 20%-მდე გაიზარდა.

„ეს კრიზისი ჯერჯერობით დაძლეული არ არის, ვერ ვიტყვით, რომ ფასებმა დაშვება დაიწყო, თუმცა მოლოდინები გვაქვს. იმიტომ რომ ისტორიაში არასდროს ხდება ამ აღმავალი ტემპის დიდხანს შენარჩუნება და ყველაზე დიდი რისკი რაც შეიძლება მას მოჰყვეს არის ფასების მკვეთრი დაცემა, რაც ბიზნესისთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. წარმოიდგინეთ როცა გაქვს ადგილზე დიდი მარაგი, რომლის ტრანსპორტირებაში გადაიხადე ძალიან ბევრი, რომლის თვითღირებულება დაგიჯდა ძალიან ძვირი და უცებ მოხდა ბაზარზე ბუშტის გახეთქვა. ამით დაზარალდებიან კომპანიები, ბაზარზე არსებული დეფიციტების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. როცა ფასი ძალიან მაღალია, ბიზნესოპერატორი ცდილობს, რომ არ შეიქმნას დიდი მარაგები ძვირი ფასებით", - განაცხადა BMG-თან საუბრისას ედიშერ ხიმშიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ჩინეთიდან საქართველოსკენ საკონტეინერო გადაზიდვები 300%-დან 500%-მდე გაძვირდა. ზრდის ტენდენცია გასული წლის ბოლოდან დაიწყო, მიზეზი კი ჩინეთის მხრიდან გაზრდილი ექსპორტი და შედეგად შექმნილი კონტეინერების დეფიციტია.

ლოჯისტიკური ხარჯის გარდა, პანდემიური შეზღუდვების გამო მსოფლიო ბაზარზე იზრდება ნედლეულის ფასიც, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.