მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყიდა/გაყიდა საქართველომ უკრაინაში 6 თვეში? - სავაჭრო ბრუნვა 35.6%-ით შემცირდა

62d811622452f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.22 18:35
732
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 5 თვე გადის. უკრაინაში მიმდინარე აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა და რუსეთის მიერ ქვეყნის განადგურებისთვის წარმოებულმა პოლიტიკამ სხვა გამოწვევებთან ერთად, უკრაინის საგარეო ვაჭრობა შეანელა. გართულებული ლოგისტიკის და ბლოკირებული პორტების პირობებშიც ხელისუფლებამ და კერძო სექტორმა სავაჭრო კავშირები შენარჩუნება შეძლეს და ქვეყნიდან საქონლის ექსპორტ-იმპორტი კვლავ ხორციელდება.

აღსანიშნია, რომ ბოლო წლების განმავლობაში უკრაინა საქართველოსთვის ყოველთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედიოდა. ყველაფრის მიუხედავად, ეს ტრენდი 2022 წლის 6 თვის სტატისტიკის მიხედვითაც შენარჩუნებულია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის უკრაინის გარდა, საქონლით საგარეო ვაჭრობა ყველა ქვეყანასთან გაიზარდა. შედეგად, ომში ჩართულმა ქვეყანამ იანვარ-მაისში საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში 2.5%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა, ქვეყნებს შორის ბრუნვამ კი ამ პერიოდში 212.5 მლნ დოლარს მიაღწია. ეს გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 35.6%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთლიან ვაჭრობაში საქართველოდან უკრაინაში საქონლის ექსპორტმა 86.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 37%-ით შემცირდა. ამ მაჩვენებლებით საექსპორტო ქვეყნების პირველ ათეულში უკრაინის წილი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3-დან 3.4%-მდე შემცირდა და ამ მიმართულებით ექსპორტი მხოლოდ ყაზახეთსა და პერუში ექსპორტის მაჩვენებლებს აღემატებოდა.

გასულ 6 თვეში საომარი მოქმედებების პარალელურად საქართველოდან უკრაინაში ავტომობილების გატანის გარდა, წარმოებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პროდუქტის ექსპორტი ხორციელდებოდა. ამასთან, რიგი საქონლის რეალიზება იანვრის შემდეგ არ მომხდარა.

TOP-10 საქონელი, რომელთაც საქართველო უკრაინაში ყიდის:

1. მსუბუქი ავტომობილები - 32.6 მლნ დოლარი;
2. აზოტოვანი, ქიმიური და მინერალური სასუქები - 13 მლნ დოლარი, 18 194 ტონა;
3. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 9.6 მლნ დოლარი, 3 746 ტონა;
4. ფეროშენადნობები - 7.8 მლნ დოლარი, 5 009 ტონა; (იანვარი)
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 5.3 მლნ დოლარი, 12 585 ტონა;
6. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3.3 მლნ დოლარი, 1 290 ტონა;
7. პოლიმერული ეთილენი - 2.5 მლნ დოლარი, 1 560 ტონა;
8. პირადი ნივთები - 1.9 მლნ დოლარი, 936 ტონა;
9. სპეციალური დანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები - 1.8 მლნ დოლარი, 142 ტონა; (იანვარი)
10. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 1.5 მლნ დოლარი, 173 ტონა. (იანვარი)

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ივნისში საქართველომ ჯამში უკრაინიდან 125.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის უკრაინის წილი 4.4-დან 2.1%-მდე შემცირდა და ქვეყანამ ათეულში მეცხრე ადგილი დაიკავა.

TOP-10 საქონელი, რომელთაც საქართველო უკრაინაში ყიდულობს:

1. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 8.9 მლნ დოლარი, 513 ტონა;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6.3 მლნ დოლარი, 262 ტონა;
3. სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას მიღებული კოპტონი - 5.4 მლნ დოლარი, 9 636 ტონა;
4. ფეროშენადნობები - 5 მლნ დოლარი, 3 092 ტონა;
5. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 4.2 მლნ დოლარი, 4 578 ტონა;
6. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 3.7 მლნ დოლარი, 492 ტონა;
7. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 3.4 მლნ დოლარი, 1 061 ტონა;
8. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 3.2 მლნ დოლარი, 1 307 ტონა;
9. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 3.1 მლნ დოლარი, 2 541 ტონა;
10. ბამბა საფეიქრო მასალებისაგან - 2.8 მლნ დოლარი, 185 ტონა.