მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება გუდაურში ერთი დღის გატარება?

5e5fe6406bb71
მარიამ ადამია
05.03.20 00:20
2838
ბოლო რამდენიმე წელია, უქმეების ზამთრის კურორტებზე გატარება, განსაკუთრებით კი გუდაურში აქტუალური გახდა. BM.GE დაინტერესდა თუ რა ჯდება ერთი დღის გატარება მაგალითად გუდაურში და დაახლოებითი ხარჯები დათვალა. გუდაურში ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც წესი თხილამურებზე ან სნოუბორდზე სრიალია, ხოლო მათ ვისაც სრიალი უყვარს და არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, ცხადია დაქირავება უწევს და ამიტომ პირველი ხარჯიც სწორედ ეს იქნება.

თხილამური, შესაბამისი ჩექმა და ჯოხების ფასი გუდაურში 40 ლარია. თუკი სპეციალურ სათვალესაც იქირავებთ დამატებით 5 ლარის გადახდა მოგიწევთ და ეს ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია მთელი დღის განმავლობაში ვიდრე საბაგიროები მუშაობს.

თუ სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობების მოყვარული ხართ, როგორიცაა ჰელისკი და ფრირაიდი, მაშინ თქვენს მოთხოვნებს გუდაური სრულად დააკმაყოფილებს. სტანდარტული თხილამურების, სნოუბორდინგის, ჰელისკისა და ფრირაიდის გარდა, აქ პარაპლანით და დელტაპლანით ფრენაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახის ექსტრემის მოყვარულებს სნოუპარკიც ელოდებათ, სადაც ტრამპლინებზე და ყინულის კედელზე ადრენალინის მორიგი დოზის მიღებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება რიგით მეორე ხარჯს, ეს საბაგიროებია და ერთი ასვლა, ერთ ადამიანს 10 ლარი უჯდება, ცხადია არსებობს სხვადასხვა აბონიმენტი. გუდაურში ყველა საბაგირო ჩართულია, აქედან ნაწილს აქვს სატრანსპორტო ფუნქცია, ხოლო ნაწილი საბაგიროები მოთხილამურეებს ემსახურება.

რაც შეეხება კვებას, მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით მაღალია, მაგრამ ტურისტული ზონაა და ეს ლოგიკურიც არის. არჩევანიც მრავალფეროვანია და ყველა ტიპის გემოვნებაზე მორგებულ დაწესებულებას შეხვდებით. შესაბამისად, ხარჯი ამ თვალსაზრისით თუკი მინიმუმს ავიღებთ, ერთ ადამიანზე 30 ლარია.

მოკლედ, შევაჯამოთ თუ რა დაგვიჯდა ერთი დღის გატარება გუდაურში: თხილამურების ქირაობა - 40 ლარი, საბაგირო - 10 ლარი, კვება - 30 და აქვე დავითვალოთ საწვავის ხარჯიც, რომელიც დაახლოებით - 70 ლარია. ეს ყველაფერი ცხადია ცვალებადია სურვილებისა და შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა საშუალოდ ერთი დღის გატარება გუდაურში, შეიძლება ითქვას დაახლოებით 150 ლარი ჯდება.