მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება მაინინგისთვის საჭირო რუსული ელექტროენერგიის იმპორტი ოკუპირებულ აფხაზეთში?

61652972d4f4c
დავით ჯალაღონია
12.10.21 10:17
2679
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მატება სრულად კრიპტოვალუტების წარმოებას უკავშირდება - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში წერია.

გარდა, მაინინგის ელექტროენერგიის მოხმარებასა და იმპორტზე გავლენისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ “ენგურჰესი”, საიდანაც აფხაზეთის რეგიონიც მარაგდება, ზარალზე მუშაობს და ამ მაჩვენებელმა 2020 წელს 62 მლნ ლარი შეადგინა, რაც მეტწილად (42 მლნ ლარი) ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა განპირობებული.

“პანდემიის პირობებში 2020 წელს ელ. ენერგიის მოხმარება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 10%-ით შემცირდა, იმავე პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარება გაიზარდა 24%-ით.

ლოგიკური იქნება გვქონოდა მოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება მეტად დრამატული ყოფილიყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან შედარებით, ნაცვლად ამისა, მივიღეთ სრულიად საპირისპირო შედეგი. ამავე პერიოდს უკავშირდება კრიპტო-ვალუტის ფასების მატება, რაც თავის მხრივ ზრდის მაინინგზე მოთხოვნას. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოხმარების მატება 100%-ით მოდის მაინინგზე. თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ნაწილობრივ არაა კომპენსირებული რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით, ენგურჰესის მიუღებელი შემოსავალი მხოლოდ არალეგალური მაინინგით 2020 წელს იქნებოდა სულ მცირე 9 მლნ ლარი. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეს, თავის მხრივ ქმნის ფისკალურ რისკს სახელმწიფოსთვის”, - წერია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც იზრდება. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, აღნიშნულ რეგიონში 1 მლრდ 953.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია.