მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კავშირშია ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს პოტენციური ინვესტორის დაკარგვასთან?

5dea04b56274c
თელარა გელანტია
06.12.19 13:20
4121
2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა - "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გადასცა.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ამ კლინიკებში ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა ეს პროექტი შეჩერდა და "საპარტნიორო ფონდის" მფლობელობაში დარჩა საავადმყოფოები, რომელთაც თავად ფონდი "სრულიად ამორტიზებულსა და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფს" უწოდებს, თან ამ საავადმყოფოების განვითარებისთვის 2017 წელს ფონდმა “კლინიკების განვითარების კომპანიაც“ შექმნა.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს დავით საგანელიძის უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური პრეს-რელიზიდან ირკვევა, რომ „საპარტნიორო ფონდი“ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა და ფონდის ძალისხმევის შედეგად, ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის, კლინიკების განვითარების მიზნით, 50-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, თუმცა კომპანიის ვინაობა არ სახელდებოდა.

„აღნიშნული კომპანია სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს. წელიწადნახევრიანი შრომის შედეგად, საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი“, - ეს არის ამონარიდი საპარტნიორო ფონდის მიერ მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გავრცელებული ოფიციალური პრეს-რელიზიდან.

ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პროექტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი, თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა.

“პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს. პროექტის მიხედვითვე, ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსთან განხილვის აქტიურ ფაზაშია. სამუშაო რეჟიმში თანხმდება დეტალები, რისთვისაც მადლობას ვუხდით უწყების წარმომადგენლებს“, - ესეც 5 ოქტომბრის რელიზში ეწერა, მაგრამ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 2 თვის თავზე უკვე ვითარება შეცვლილია და მიზეზი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მერ 6 ნოემბერს გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმად, „შეიქმნება საქართველოში სამედიცინო ჰოლდინგი, სადაც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდება“.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო კლინიკებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სამინისტრომ არ მიჩნია მიზანშეწონილად აუქციონის ჩატარება. ინვესტორს ამის შესახებ ეცნობა და მათთან დღეის მდგომარეობით, მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“, - განუცხადეს bm.ge-ის საპარტნიორო ფონდში.

გარდა ამისა, დავით საგანელიძის უწყებაში bm.ge-ის ისიც უთხრეს, რომ ეკატერინე ტიკარაძის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის დაანონსების შემდეგ, 22 ნოემბერს ფონდმა მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა დაჩქარდეს იურიდიული ღონისძიებების გატარება ფონდის შვილობილი კომპანიის „კლინიკების მართვის კომპანიის“ მფლობელობაში არსებული კლინიკების ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადასაცემად. 

თავის მხრივ, Bm.ge-მ თემა ჯანდაცვის სამინისტროშიც მოიკითხა, სადაც განაცხადეს, რომ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნაზე შეხვედრები კონკრეტულ კლინიკებთან მომავალ კვირაში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში, რაც ათეულობით ექიმი და კერძო კლინიკა ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილებას აკრიტიკებს, რესპუბლიკური საავადმყოფო აღმოჩნდა, ჯერჯერობით, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც „ტიკარაძის რეფორმის“ ეს ნაწილი მოიწონა, თან მიუხედავად იმისა, რომ თავად საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძეც ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების პირობებში კლინიკას მოგების მარჟა პრაქტიკულად არ გააჩნია და ალბათ სწორედ ამითაც აიხსნება საავადმყოფოს ზარალიანობა.

საინტერესოა, რომ გოფოძე გულისხმობს 520-ე დადგენილებამდე არსებულ ტარიფებს.

“ზარალის მიზეზი არის ის, რომ როდესაც საქმე დადგება იმაზე, თუ რა ხარისხის მომსახურება უნდა მივაწოდოთ პაციენტებს. ჩვენც და სხვა კლინიკებიც ერთი და იმავე მოწყობილობებს ვყიდულობთ. ბუნებრივია, რომ ჩვენთვის არსებული ტარიფების პირობებში ეს იყო ძალიან რთული დასაკომპენსირებელი. ჩვენ პრაქტიკულად მოგების მარჟა არ გაგვაჩნდა ჩადებული ამა თუ იმ კოდში, რაც კარგად ჰქონდათ გათვლილი კერძო კლინიკებს“, - განაცხადა მან bm.ge-ისთან.

ცნობისთვის: "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკები ზარალზე არიან, და მათ შორისაა რესპუბლიკური საავადმყოფოც. ამის შესახებ ფონდის შვილობილი კომპანიის - "კლინიკების განვითარების კომპანიის" კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2018 წლის განმავლობაში "კლინიკების განვითარების კომპანიის" შემოსავალი - 27,435,000 ლარი, სრული ზარალი კი, 3,194,000 ლარი იყო. 268,000 ლარის ზარალით დაასრულა კომპანიამ საქმიანობა 2017 წელსაც. ჯამში, აღნიშნული კლინიკების აქტივების ღირებულება 181,349,000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს აუდიტორულ ანგარიშს, ირკვევა, რომ 2018 წლის განმავლობაში საავადმყოფომ შემოსავლის სახით 16,847,000 ლარი მიიღო, თუმცა აღნიშნული შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა და კლინიკამ გასული წელი 833,000 ლარის ზარალით დაასრულა. 1 მილიონ ლარს შეადგენდა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ზარალი 2017 წელსაც.