მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კომპენსაცია მიიღო თანამშრომელთან რომანის გამო გადაყენებულმა McDonald’s-ის CEO-მ

5dc15d5e12f99
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 19:50
4099

52 წლის სტივ ისტერბრუკი McDonald’s-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გუშინ გადააყენეს. მიზეზი თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობა გახდა, რაც შიდა განაწესების დარღვევაა. McDonald’s-მა დღეს კონტრაქტის შეწყვეტის დეტალები გაასაჯაროვა.



როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, McDonald’s-სა და ისტერბრუკს შორის  შრომითი კონტრაქტი 1  ნოემბრიდან შეწყდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ისტერბროკს კომპენსაციის სახით, 675,000 აშშ დოლარი გადაეცემა და ამავდროულად, მას უფლება ეძლევა,  $37 მილიონის ღირებულების აქციები შეინარჩუნოს.

 

სწრაფი კვების ქსელ McDonald's-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან სტივ ისტერბრუკის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. კომპანიის საბჭომ კი, გადაწყვეტილება ერთხმად პარასკევს მიიღო;  ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მაკდონალდსის" პოლიტიკა აღმასრულებელ დირექტორს დასაქმებულთან სასიყვარულო ურთიერთობის უფლებას არ აძლევს".



სტივ ისტერბრუკი, თავის მხრივ, კომპანიის გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს შეცდომა იყო".


აღსანიშნავია, რომ სტივ ისტერბრუკი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დირექტორად მიიჩნეოდა. მისი წამოწყებაა არაერთი მომგებიანი და წარმატებული ინოვაცია, რომელიც ბოლო პერიოდში McDonald’s-მა დანერგა. მათ შორის ახალი თაობის კლიენტების მისაზიდი სმარტფონ-აპლიკაციები.



ისტერბრუკი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში, ისტერბრუკის დირექტორობის ფარგლებში McDonald’s-ის აქციების ფასი გაორმაგდა. 1 ნოემბრის მონაცემებით, სწრაფი კვების ობიექტის აქცია 193.94 აშშ დოლარი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $ 147.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.



სტივ ისტერბრუკის მემკვიდრე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე კრის კემპჩინსკი იქნება, რომელიც აქამდე შტატების 14.000 ფილიალს მართავდა. კემპჩინსკი "მაკდონალდში" 2015 წლიდან მუშაობს, მანამდე ის კვების ობიექტ Kraft Food-ში იყო დასაქმებული.