მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ სალონებმა? - სამინისტრო გაიდლაინს აქვეყნებს

5ebeaae0dde42
ინგა მურუსიძე
15.05.20 18:54
1212
სილამაზის და ესთეთიკის სალონები 18 მაისიდან გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და გამოაქვეყნა გაიდლაინი და წესები, რომლის შესრულების ვალდებულებაც მათ ექნებათ.

ძირითადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა.

საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ 1 მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს.

თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.

სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ;
შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით.

იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;

ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიანიჭონ ბარათით გადახდას.

მომხმარებლის მიმართ გასატარებელი რეკომენდაციები:

რიგის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელი მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდეს.
მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;

მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.

იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი).
პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

რა შედის დასაქმებულის ვალდებულებებში:

დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება;
ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება დაწესებულებაში;

უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით - ნიღბებით, სათვალით, დამცავი ტანსაცმლით და სხვ.

თანახმად, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება;

იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და სათვალის გამოყენება. ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს.

სამუშაო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციის გარდა, დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სათავსების ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია;

ასევე, უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა. სამუშაო ადგილებზე განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (პერსონალის ინფორმირება/ტრენირება).

ამასთან, მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით.

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

აუცილებელია ნარჩენების დროული გატანა.