მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კრიტერიუმებით შეარჩია მთავრობამ საკარანტინე სასტუმროები - განმარტება

5ec3e61876b62
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.20 09:00
2407
ორი თვეა საქართველოს მთავრობა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უცხოეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს(და არამარტო) საკარანტინე სივრცეებში 14 დღის განმავლობაში ათავსებს და ამისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სასტუმროებს ქირაობს. 

ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის მინისტრისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო პროექტში 85 სასტუმრო ჩაერთო, სარეზერვო სიაში კი 54 სასტუმრო იყო. 

BM.GE დაინტერესდა რა პრინციპით არჩევს სახელწიფო სასტუმროებს საკარანტინე სივრცეებისთვის და რა პირობებით ხდება მათი დაკონტრაქტება და ამ კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართა. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, პანდემიის გამოცხადების საწყისი ეტაპიდან, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ 300-ზე მეტ სასტუმროსთან. 

„სასტუმროების შემდგომში საკარანტინო სივრცეებად გამოყენების მიზნით შერჩევის პროცესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით და ამავდროულად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით არჩევდა საკარანტინო სივრცეებისათვის განკუთვნილ სასტუმროებს რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით: 

1) სასტუმროს შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი გახლდათ მათი სურვილი და ნებაყოფლობითი მზაობა, ეთანამშრომლათ სახელმწიფოსთან მთელი პროექტის განმავლობაში. მოგახსენებთ, რომ სამუშაო პროცესში სასტუმროების ნაწილმა უარი განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით. 

2) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა სასტუმროს ადგილმდებარეობა. პრიორიტეტი ენიჭებოდა ისეთ რეგიონებს, რომლებიც ახლოს მდებარეობდნენ საერთაშორისო აეროპორტებთან, ისევე როგორც სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან. შერჩევის პროცესში ასევე, პრიორიტეტი ენიჭებოდა ისეთ სასტუმროებს, რომლებიც მჭიდროდ დასახლებული ადგილებისაგან მოშორებით მდებარეობდნენ. თუმცა, მოგვიანებით საკარანტინო სივრცეებში განსათავსებელ პირთა ზრდასთან ერთად, საჭიროებიდან გამომდინარე, საკარანტინო სივრცეებად გამოსაყენებელ სასტუმროთა მდებარეობა გასცდა ზემოთხსენებული პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრულ არეალს. 

3) შემდეგი უმთავრესი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი გახლდათ სასტუმროებში არსებული სავენტილაციო სისტემა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზედმიწევნით ითვალისწინებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით რომ სასტუმროს ნომრებს უნდა ჰქონოდათ ცენტრალური ან/და ინდივიდუალური გათბობა/გაგრილების ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ოთახებს შორის ჰაერის ცირკულაციას. 

4) სასტუმროებს უნდა ჰქონოდათ საჭირო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობა, რათა შესაბამისი საცხოვრებელი პირობები შეექმნათ განთავსებული პირებისათვის და მათთვის გაეწიათ სამჯერადიკვების მომსახურება.

5) ამასთანავე, პროექტში ჩართვისათვის საჭირო იყო სასტუმროს მოეხდინა ადამიანური რესურსის სრული მობილიზება, რათა პერსონალს შეძლებოდა განთავსებული რისკ ჯგუფს განკუთვნილი პირებისათვის გაეწია შესაბამისი მომსახურება. აღნიშნული რიგ შემთხვევებში გახდა მიზეზი იმისა, რომ სასტუმროების გარკვეულმა ნაწილმა უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე. 

6) დამატებით მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ საკარანტინო სივრცედ სასტუმროს დაჯავშნის დროისათვის, სასტუმროში არ უნდა ყოფილიყვნენ განთავსებული სხვა სტუმრები, რაც ასევე სასტუმროთა მხრიდან პროექტში ჩართვაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი აღმოჩნდა“, - განმარტავენ ტურიზმის ადმინისტრაციაში. 

ამ ეტაპისათვის საკარანტინო სივრცედ გამოყენებულია 85 სასტუმრო, ჯამში 6,500-ზე მეტი ნომერი. ხსენებულთაგან 24 შეადგენს მცირე ზომის სასტუმროს (5-დან 40 ნომრამდე), 43 საშუალო ზომის (41-დან 100 ნომრის ჩათვლით), ხოლო 18 დიდ სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ). სახელმწიფო აღნიშნულ სასტუმროებს დღე-ღამეში 1 ნომერში 59 ლარს უხდის. ამასთან აღნიშნული სასტუმროებიდან 5 მფლობელების გადაწყვეტილებით სახელმწიფოს საკარანტინე სივრცედ გამოყენებისთვის დროებით უსასყიდლოდ გადაეცათ, რაც ჯამში 671 ნომერია.