მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მაჩვენებელი ჩაანაცვლებს საარსებო მინიმუმს? - „საქსტატის“ განმარტება

6283cddac5f13
ალა ისპირიანი
17.05.22 22:21
1081

საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რის გამოც „საქსტატი" კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას არ ასახავს, რადგან წარმოუდგენელია ადამიანს არსებობისთვის ის თანხა ეყოს, რასაც "საქსტატი" ითვლის.

Bm.ge-სთან ინტერვიუში "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმის არსებული მეთოდოლოგიით დათვლას მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ მისი გაუქმება და საერთაშორისო ანალოგით ჩანაცვლება იგეგმება. 

„ეს ისეთ მაჩვენებელი არაა, რომელსაც საფუძვლად საერთაშორისო მეთოდოლოგია უდევს. დღეის მდგომარეობით, ის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში გამოიყენება და ამ ქვეყნების მეთოდოლოგიაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რეალურად ის არ მონაწილეობს არანაირი დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამიტომ მიზანმიმართულად მიგვაჩნია ამ მაჩვენებლის გაუქმება და მისი საერთაშორისო ანალოგით ჩანაცვლება, მაგალითად ისეთი მაჩვენებლით, რომელსაც საზოგადოებას და ქვეყნებს მსოფლიო ბანკი სთავაზობს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად: აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი და ა.შ, რომელსაც ჩვენ ისედაც ვაწარმოებთ.
მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტებთან და მეთოდოლოგიებთან შესაბამისობა და აქედან გამომდინარე ამ მაჩვენებლის გაანგარიშების საერთაშორისო პრაქტიკა და მეთოდოლოგია არ არსებობს, ის მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.



რაც შეეხება საარსებო მინიმუმის გაუქმების თარიღს, "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება.

„მიმდინარე წელს სხვა და სხვა უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ ფაზაში შევალთ. არსებობს კანონი საარსებო მინიმუმის შესახებ, სადაც დაფიქსირებულია, რომ ამ მეთოდოლოგიის დამტკიცება მთავრობის მიერ ხდება და ინიცირებას ამ შემთხვევაში საქსტატთან ერთად ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტრო ახდენს. ჩვენ მათთან ერთად გავმართავთ დისკუსიას და ვფიქრობთ, შედეგს მივაღწევთ. გაუქმების კონკრეტული თარიღები არ გვაქვს“, - განაცხადა მან.

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემელების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

"საქსტატის" ბოლო მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი აპრილში 241 ლარამდე გაიზარდა. მარტში ეს მაჩვენებელი 2.8 ლარით ნაკლები იყო. მაგალითად აპრილის მაჩვენებელს მიმდინარე წლის იანვარს თუ შევადარებთ, იგი 14.8 ლარით ნაკლები იყო და 226.2 ლარს შეადგენდა. უფრო ნაკლებია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, რაც აპრილში 213.5 ლარი იყო, ხოლო იანვარში 200.4 ლარი.