მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მდგომარეობაა ავსტრალიაში - ზარალი $70 მლრდ-ს აღწევს

5e1e0b248a523
BM.GE
14.01.20 23:26
1082
ავსტრალიაში უკვე რამდენიმე თვეა ხანძარი მძვინვარებს. ის ძირითადად კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული და მისი მასშტაბები 168 ათას კვადრატულ კილომეტრს გასცდა. ხანძრების დანახვა უკვე კოსმოსიდანაც შესაძლებელია. დაზიანდა 5900 შენობა-ნაგებობა, მათ შორის 2204 საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 28 ადამიანი.

რაც შეეხება ცხოველებს, თითქმის 1 მილიარდზე მეტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და მათ შორის გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც არიან.

არანაკლებ დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რომლის დათვლაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, ზარალი 1.4 მილიარდი ამერიკული დოლარია, თუმცა, როგორც CNN-ი წერს, ეს ზედმეტად ოპტიმისტური გათვლებია და თუ გავითვალისწინებთ სამედიცინო, სარეაბილიტაციო თუ სხვა ხარჯებს, მისი დაფარვა სახელმწიფოს 70 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება. გამოცემის შეფასებით, ხანძარი ქვეყანას, სადაც 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უფრო დიდ ზიანს მოუტანს, ვიდრე ქარიშხალი "სენდი", რომელმაც ამერიკის 12 შტატი დააზარალა.

ყველაზე შემაშინებელი და დამთრგუნველი ავსტრალიის ცის დანახვაა, რომელიც მთლიანად წითელია და ადამიანები ცისფერ ცას უკვე დიდი ხანია ვეღარ ხედავენ.

მხოლოდ სადაზღვევო ხარჯები 500 მილიონ ამერიკულ დოლარს სცდება, იმის გათვალისწინებით, რომ 2 000 საცხოვრებელი სახლი დაიწვა და ადამიანები უსახლკაროდ დარჩნენ, ამ ადამიანების დაბინავება 3.5-დან 7 მილიარდ დოლარამდე დაჯდება.

განადგურებულია მაღაზიები, ხიდები, გზები, ელექტროენერგია და წყლის მიმწოდებელი სისტემებიც. დაბინძურდა ჰაერიც, რომელიც დამატებით პრობლემას ქმნის. მიუხედავად დიდი თანხების დახარჯვისა, შესაძლოა, ეკოსისტემამ ძველი იერსახე ვეღარასდროს დაიბრუნოს.

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც ჩანს ამაში მთავარი დამნაშავე კლიმატის ცვლილება, ნახშირბადის გაფრქვევა გარემოში და სეზონურობაა. როდის მოახერხებენ მეხანძრეები ხანძრის კერების ჩაქრობას არავინ იცის, თუმცა როგორც NASA იტყობინება, მისი ეფექტი მთელს დედამიწაზე მოახდენს გავლენას და კონტინენტის ხანძრის კვამლი მთელს პლანეტას გარშემო შემოუვლის.