მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებით სჭირდება ბიზნესს მთავრობის დახმარება? - პასუხი გიორგი გახარიას

5d962dc756fac
დავით ჯალაღონია
04.10.19 10:15
1546
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმ პრობლემებს ასახელებს, რაც ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვით ბიზნესის წარმომადგენლებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში ხელს უშლით.

ამის შესახებ მან BM.GE-ისთან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმ გეგმების საპასუხოდ განაცხადა, რაც მომავალი კვირიდან ბიზნეს სექტორებთან მთავრობის წევრების შეხვედრებს და მათი პრობლემების მოსმენას ეხება.

"ინდუსტრიების მიხედვით გავყვეთ. იმისთვის, რომ ინვესტორმა მაგალითად, ენერგეტიკაში ინვესტირება მოინდომოს, ამისთვის აუცილებელია მას ჰქონდეს წარმოდგენა, რა ტიპის ტარიფს მიიღებს - ჯერჯერობით მთავრობისგან ამის ნიშნები არ არის. ენერგეტიკაში ინვესტიციების ვარდნა გვაქვს და თუ ამ პოლიტიკას, ხედვას მთავრობა არ წარმოადგენს, ენერგეტიკაში ვერ ვხედავ, რომ უახლოეს თვეებში სწრაფი ინვესტირების პერსპქტივა იყოს.

მეორე - მშენებლობა. ეროვნული ბანკი თუ არ შეამსუბუქებს საბანკო რეგულაციებს, ამ შემთხვევაში ისევ და ისევ გაგრძელდება პრობლემა, რაც იყო და არის - ეს არის მშენებლობაში ინვესტიციების ვარდნა, რადგან დეველოპერმა საბოლოო პროდუქტი თუ ვერ გაყიდა და მყიდველმა ეს გრძელვადიანი დაკრედიტებით ვერ მიიღო, იქნება პრობლემა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ამავე კონტექსტში ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან მოსალოდნელი რეგულაციები გაიხსენა.

"სამედიცინო სფერო ბოლო პერიოდში საინვესტიციოდ ძალიან მომხიბვლელი იყო, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც მან მთავრობის დამტკიცების დროს გააკეთა, გარკვეული ბუნდოვანება შეიტანა და მე ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოახერხოს და ეს მიმართულება განმარტოს, რას გულისხმობდა მინისტრი. ჩვენ მზად ვართ, მინისტრთან შეხვედრა მოვაწყოთ და მან იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში არიან, განუმარტოს, რა ტიპის ახალ რეგულაციებზეა საუბარი", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ როგორც მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების ყველა კლინიკისთვის გათანაბრებას ითვალისწინებს.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ცვლილება ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში არსებულმა რიცხობრივმა მონაცემებმა განაპირობა.

"პაციენტების ჯიბიდან გადასახადი თანხა 20-22%-ს აღემატება, ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35%-ზე მეტია. აღნიშნული მონაცემები სისტემურ ცვლილებების საჭიროებას ნათლად წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს, რაც ყველა კლინიკისთვის ითვალისწინებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და რა თქმა უნდა ხარისხს. ეს ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტის გახდება", - განაცხადა ტიკარაძემ.