მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებითაა გაზრდილი წელს დაკრედიტება - არჩილ გაჩეჩილაძის პასუხი

6177dc412d3bf
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 09:45
682
2021 წლის სექტემბერში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 41 მილიარდ ლარს მიაღწია; აქედან ლარის სესხების ზომა 19.82 მილიარდი, სავალუტო სესხების მოცულობა კი 21.19 მილიარდი ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი, მათ შორის ლარის სესხების ზრდა 28%-ია და ის შარშან არსებული 15.48 მილიარდიდან 19.82 მილიარდამდე გაიზარდა, სავალუტო სესხების ზრდამ კი მხოლოდ 1.4% შეადგინა. შესაბამისად, სესხების მატება ძირითად ეროვნული ვალუტის მიმართულებით შეიმჩნევა.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებულად საშუალო ბიზნესისა და ფიზიკური პირების დაკრედიტება გააქტიურდა.

“ჯამში, რომ შევხედოთ 2021 წელს, განსხვავებით 2020 წლისგან, როდესაც ჩაკეტვები იყო, 2020-ში აქტიური იყო კორპორატიული დაკრედიტება და დაწყებული პროექტების გაგრძელება და მათ შორის იპოთეკური სესხების წახალისების პროგრამა მოქმედებდა.

წელს კი აქტიური არის საშუალო ბიზნესი, სამომხმარებლო სესხები და მიკროსესხები ანუ ფაქტობრივად, ფართოდ ბიზნესის თავიდან გააქტიურება მოხდა წელს, რაც ძალიან კარგი ნიშანია ეკონომიკური ჯანმრთელობის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკონომიკური გააქტიურება ნამდვილადაა, თუმცა ინფლაცია არის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სესხების მოცულობა წელს მოსალოდნელი მშპ-ის 72%-ს შეადგენს.