მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზანი აქვს და როგორ სრულდება მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის €20-მილიონიანი პროგრამა?

63d263af4e4d5
თელარა გელანტია
26.01.23 20:35
866
"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ ერთ-ერთია საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებიდან, რომელსაც 2022 წელს დაბალი შესრულება ჰქონდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, შარშან დასახარჯი იყო 20 მლნ ლარი, მაგრამ მხოლოდ 4 მილიონი იქნა ათვისებული.

როგორც BM.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა განუმარტა, მიზეზი პროგრამის რედიზაინია, რომლის გამოც შარშან განსაზღვრული 20 მილიონის გახარჯვა ვერ მოესწრო.

საქმე ის არის, რომ “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ სახელმწიფო პროექტია, რომელიც 2020 წელს დამტკიცდა და მიზანი კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით სოფლად ეკონომიკის განვითარებაა.

პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ა) რძის პირველადი წარმოება; ბ) რძის შემგროვებელი პუნქტი; გ) რძის გადამამუშავებელი საწარმო; დ) ცხოველის საკვების პირველადი წარმოება; ე) ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 19.7 მლნ ევროა, საიდანაც 16 მლნ ევრო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის სესხია, ხოლო - 3.7 მლნ ევრო ადაპტაციის ფონდის გრანტი.

2020-2021 წლებში საგრანტო კონკურსის გზით, მცირე ფერმერულ მეურნეობებს, რომელთაც 20-მდე სული საქონელი ჰყავდათ, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული თანხის 40%-დან 80%-მდე გრანტის სახით მიღება შეეძლოთ.

რაც შეეხება 2022 წელს 20 მილიონი ლარიდან მხოლოდ 4 მილიონის დახარჯვას და მკვეთრ ჩამორჩენას, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა BMG-ს განუმარტა, თავდაპირველად პროგრამა მორგებული იყო მცირე ფერმერულ შინამეურნეობებზე; 2022 წლის დასაწყისში კი, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ექსპერტები პროექტის მონიტორინგისთვის ჩამოვიდნენ, ჩათვალეს, რომ პროგრამის არსებული დიზაინი ნაკლებად რენტაბელური იყო.

„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მონიტორინგის სამსახურის ექსპერტებთან ერთად გავაანალიზეთ პროექტის პირველი ნაწილი და ვნახეთ, რომ მცირე ფერმერულ მეურნეობებზე აქცენტის გაკეთება არ იყო ისეთი რენტაბელური და სიკეთის მომტანი, როგორსაც ველოდით; კერძოდ, როდესაც ხუთსულიანი ფერმების შენობის რეაბილიტაციას, საწველი დარბაზების მოწყობას და აშ. ვაფინანსებთ, საქონლის სიმცირიდან გამომდინარე, დანახარჯების და მისი პოტენციური შემოსავლების ეფექტიანობა არის შედარებით ნაკლები. სწორედ ამიტომ, იტალიელ ექსპერტებთან ერთად პროექტის დახვეწა გადაწყდა - მეტი აქცენტი გაკეთდა შედარებით მსხვილ მეურნეობებზე, ასევე, სხვა კომპონენტებიც დაემატა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, რაც 4-5-სულიანი ფერმების შემთხვევაში, ნაკლებადაა შესაძლებელი. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ის, რომ 2022 წელს გამოყოფილი თანხის გახარჯვა ვერ მოესწრო“, - განმარტა გელა ხანიშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციითვე, შარშან შემოდგომაზე, პროგრამის რედიზაინის შემდეგ საგრანტო კონკურსი ისევ გამოცხადდა, მოთხოვნა მაღალი იყო და დარჩენილი თანხის ათვისებას წელს გააგრძელებენ.

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის“ წლევანდელი ბიუჯეტი 10 მლნ ლარია. პროგრამის დასრულების პერიოდი - 2025 წელი.

ამჟამად, პროგრამის ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა 2003-ია.