მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზანი აქვს დამსაქმებლების მიერ თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვას? - განმარტება

602a54cb8d391
ინგა მურუსიძე
15.02.21 18:49
1399
1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ახალი ბიუროკრატიული ვალდებულების შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა. ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული აუცილებელია, რადგან ინსპექციამ უნდა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები და ამისთვის სამუშაო საათების განსაზღვრა მნიშვნელოვანია.

„ეს არის ვალდებულება, შრომის კოდექსის მოთხოვნა, რომელიც გაუჩნდათ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, რომ მოახდინონ დასაქმებულების მოსვლის და წასვლის რეგისტრაცია, რადგან 1 იანვრიდან შრომის ინსპექციას მიენიჭა მანდატი, განახორციელოს გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებები, რათა დაიცვას დასაქმებულთა ინტერესები. ინსპექტირების პროცესში უნდა განისაზღვროს, იყო თუ არა ზეგანაკვეთური შრომა, დაირღვა თუ არა დასაქმებულის უფლება, ცალსახად უნდა შემოწმდეს და ეს ვერ მოხდება, თუ არ იარსებებს დოკუმენტი, რომელზეც დატანილი იქნება დასაქმებულის თანხმობა და მოხდება მისი ფორმალიზაცია. გამოწვევები არის, გვქონდა ბიზნესებთან შეხვედრა, მათი მხრიდან მოვისმინეთ რა შენიშვნები იყო, გათვალისწინებულია უმრავლესობა, ამიტომ ვფიქრობ, გამოწვევები არ იქნება და თუ იქნება, რეაგირების მექანიზმიც გვაქვს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.