05.ივლისი .2022 14:58

რა მნიშვნელობა აქვს ადრონული თერაპიის ცენტრს ქვეყნისთვის - პრემიერის შეფასება

რა მნიშვნელობა აქვს ადრონული თერაპიის ცენტრს ქვეყნისთვის - პრემიერის შეფასება
views 2827
უკან

"ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

"მე მინდა, რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი “ქართუს“ მიერ. ეს 1 მლრდ ევროს ღირებულების უნიკალური პროექტია, რომელიც მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას მოიცავს, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით და ახლა უკვე დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა. ჩვენ, ყველანი დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ექნება შესაძლებობა, რომ სწორედ აქ - საქართველოში მიიღონ თანამედროვე, ევროპული დონის შესაბამისი განათლება და მართლაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი სივრცე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში მოღვაწეობენ ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი, რომელიც თანმიმდევრულად ყალიბდება რეგიონში მეცნიერების, განათლების და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად.

ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი.

ეს პროექტიც მთლიანად, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ფონდ „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის.

ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა და განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის; ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში წარიმართება.

მშენებლობას კომპანია IDOM Consulting განახორციელებს, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა