მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მნიშვნელობა აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს?

5dee771840fe2
BM.GE
09.12.19 23:15
785
რა მნიშვნელობა აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს? - ამ საკითხზე BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აუდიტორული კომპანია „კრესტონ პაპიაშვილის“ მმართველმა პარტნიორმა, ლევან პაპიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, რაც უფრო იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა საწარმოში, მით უფრო იზრდება თაღლითობის რისკი, ამიტომაც აუდიტის ჩატარება არის სასურველი საწარმოსთვის.

„რიგ კომპანიებს სჭირდებათ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება ინვესტიციების მოზიდვისთვის, ინვესტორების დარწმუნებისთვის, რომ დამატებითი სახსრები მოიზიდონ. ამასთან, როგორც მინიმუმ თავიანთ საწარმოში არსებითი უზუსტობის იდენტიფიცირებისთვის, უბრალოდ შეცდომის იდენტიფიცირებისთვის და თაღლითობის გამოვლენისთვის. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები ცალსახად ამბობს, რომ თაღლითობა - ეს ისეთი ფენომენი და მოვლენაა, რომელიც, როგორც წესი, შენიღბული და წინასწარ კარგად ნაფიქრი და გააზრებული სქემაა. არა მხოლოდ რამდენიმე პირს შორის, მათ შორის შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი რანგის პირებიც, რომელთაც საწარმოს შიგნით საკმაოდ დიდი ბერკეტები და უფლებამოსილებები გააჩნიათ“, - განაცხადა ლევან პაპიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თაღლითობის რისკი არსებობს მცირე ზომის კომპანიაშიც, სადაც შეიძლება არ იყოს დანერგილი საკმარისი კონტროლი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებისთვის მოითხოვება აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის შეუძლიათ წარადგინონ არააუდირებული ფინანსური ანგარიშგება, და სურვილის შემთხვევაში აუდირებული. ხოლო მეოთხე კატეგორიის საწარმოები გათავისუფლებული არიან აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენისგან 2021 წლამდე.