მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მნიშვნელობა აქვს რეგულარული ფრენების აღდგენას ტურიზმისთვის - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი

5f64cdd3a52fd
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 21:20
1356
ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა, დიდი ინტენსივობით უნდა დაემატოს ფრენები. სულ ჩაკეტილები ვერ ვიქნებით და ამასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ BM.GE-ის Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა რეგულარული ფრენების აღგენის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი შეფასებით, დღეს საჰაერო სივრცის გახსნა დიდად არაფერს შეცვლის, რადგან ტურისტულად დაბალი სეზონი ახლოვდება.

„ფრენების გახსნა არ არის ერთადერთი საკითხი - ჩვენი ვიზიტორების 72% მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, შესაბამისად ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის გარანტი იმის, რომ ტურიზმის სექტორი ამუშავდება. ამ შემთხვევაში რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასე მარტივად გავხსნათ სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან.

ფრენების გახსნა ტურიზმის აღდგენის პირველი ეტაპია და არ ნიშნავს, რომ ფრენების აღდგენასთან ერთად აღდგება ტურიზმის სექტორიც. ჩვენი მოლოდინით სექტორი აღდგენას 2021 წლის ზაფხულისთვის დაიწყებს, იმიტომ რომ საზღვრის გახსნა არ ნიშნავს, რომ ტურისტი შემოვა, რადგან ადამიანები ერიდებიან მოგზაურობას“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რეგულარული ფრენების აღდგენა მცირედით მაინც დაეხმარება სამთო ტურიზმის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა რომ აქაც ქვეყანა დიდად არ არის განვითარებული.

„ამ პერიოდში ზოგადად, ბიზნეს ტურიზმზე დიდი მოლოდინების დამყარება არ არის რეალური, იმიტომ რომ ამ მიმართულებით არ ვიყავით აქტიურები და ახლა ამ მოკლე პერიოდში გააქტიურება მკვეთრ ცვლილებას არ მოგვცემს.

რეგულარული ფრენების აღდგენა უფრო ზამთრის კურორტებს დაეხმარება, რადგან ზამთრის სეზონი მოდის და საერთაშორისო ტურისტების მხრიდან თუ იქნება ზრდა ზამთრის კურორტების მიმართულებით უფრო მოსალოდნელია აქტიურობა, თუმცა აქაც არ ვართ ძლიერი ქვეყანა განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ 80/20-ზეა ადგილობრივებისა და უცხოელების შეფარდება, ადგილობრივების სასარგებლოდ. ამასთან ზამთრის ტურისტები შედარებით დიდი მხარჯველები არიან, რაც რაღაც დონით ლოკალურად რეგიონებს რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს“, - განმარტა სამყურაშვილმა.