მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის გადასახადებს იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები - სტატისტიკა

61716b8d1435c
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.21 19:10
3382
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა რეკორდული ტემპებით გაიზარდა. 2018 წელს სექტორის ბრუნვა 13 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2020 წელს კი ის პანდემიის მიუხედავად 32 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ორწლიან პერიოდში 145%-იანი მატებაა.

სექტორის ასეთ მაღალ ზრდასთან დაკავშირებით, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა, თუ რა მოცულობის საგადასახადო კონტრიბუცია შეაქვს აზარტული თამაშების სექტორს ქვეყნის ბიუჯეტში. სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებმა ჯამში 210 მილიონი ლარის გადასახადი გადაიხადეს, რაც მათ ბრუნვასთან შედარებით ზუსტად 152-ჯერ ნაკლებია. ამასთანავე სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ სექტორის ბრუნვის მკვეთრი ზრდის მიუხედავად ბიუჯეტში აზარტული თამაშებიდან შესული გადასახადების მოცულობა გაცილებით დაბალი ტემპით გაიზარდა.

დოკუმენტის თანახმად, სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა 2018-2020 წლებში მხოლოდ 8.3%-ით გაიზარდა, როდესაც კომპანიების ბრუნვის მატებამ 145% შეადგინა.

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, აზარტული თამაშების კომპანიების მიერ 2020 წელს გადახდილი გადასახადები ასე ნაწილდება:

● დღგ - 20,616,083 ლარი
● მოგების გადასახადი - 131,107,914 ლარი;
● საშემოსავლო გადასახადი - 61,251,180 ლარი;
● ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა) - 1,213,494 ლარი;
● სხვა - (მინუს) 3,996,181 ლარი;
● სულ - 210,192,490 ლარი.

საქსტატის თანახმად, აზარტული თამაშების ბრუნვა ყოველი მომხმარებლის მიერ თითოეულ თამაშზე დადებული ყველა ფსონის ჯამია. შესაბამისად, გასულ წელს ქართულმა მიმწოდებლებმა 32 მილიარდი ლარის ფსონები მიიღეს. რაც შეეხება აზარტული თამაშების მიერ შექმნილ დამატებით ღირებულებას, სტატისტიკის მიხედვით, ის 2020 წელს 861 მილიონი ლარი იყო.

იმის მიუხედავად, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ სადეპუტატო კითხვის სახით გაგზავნილი წერილი ეხებოდა აზარტული თამაშების მიმწოდებლების მიერ გადახდილ სხვა გადასახადებსაც (სამორინეს მაგიდის მოსაკრებელი, სათამაშო აპარატის მოსაკრებელი და სხვა) თუმცა, სამინისტროს პასუხი აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს. ამასთანავე, სამინისტროს პასუხი არ არის დაყოფილი სეგმენტების მიხედვით (ფიზიკური კაზინო; ფიზიკური სლოტ კლუბი; ონლაინ კაზინო, ონლაინ ტოტალიზატორი და სხვა.)

ფინანსთა სამინისტროს წერილიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 6 თვეში აზარტული თამაშების სექტორმა გადასახადების სახით 136.6 მილიონი ლარი გადაიხადა.