მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის კომერციული შემოსავალი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს?

5f4b82db4279a
BM.GE
30.08.20 14:41
966
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გამოაქვეყნა, რომელიც სატელევიზიო რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ირკვევა, რომ აპრილ-ივნისში ტელევიზიებმა 12.2 მლნ ლარი გამოიმუშავეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე (20 მლნ) 39%-ით ნაკლებია.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, მეორე კვარტალში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 100 481 ლარის ღირებულების სარეკლამო დრო გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65.2%-ით ნაკლებია, თუმცა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით არხის სარეკლამო შემოსავალი გაზრდილია 22.4 %-ით 538 520 ლარამდე.
„საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა 2016 წლიდან. აღსანიშნავია, რომ მისი სარეკლამო შემოსავლები 2018 წელს განსაკუთრებით გაიზარდა, მას შემდეგ რაც მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული დამატებითი ბარიერები მოეხსნა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარეკლამო შემოსავლები წლების მიხედვით ასეთია: 2016 წელს - 1.4 მლნ ლარი, 2017 წელს - 848.1 ათასი ლარი (კლება წინა წელთან 40.3 %), 2018 წელს - 2.9 მლნ ლარი (ზრდა წინა წელთან 239.3 %), 2019 წელს - 1.4 მლნ ლარი (კლება წინა წელთან - 50.6 %), 2020 წლის პირველ ნახევარში - 538.5 ათასი ლარი (ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან - 22.4 %).

როგორც ცნობილია, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაფინანსების ძირითად ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. 2018 წელს მაუწყებელმა ბიუჯეტიდან 44.6 მლნ ლარის მოცულობის შემოსავალი მიიღო (მთლიანი შემოსავლის 92 %), 2019 წელს - 49.5 მლნ ლარი (მთლიანი შემოსავლის 88.5 %), ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში - 37.2 მლნ ლარი (მთლიანი შემოსავლის 96.7 %).

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა: როგორც მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რამდენიმე წელში მაუწყებელს ახალი შენობა ექნება, რომლის პროექტი უკვე შერჩეულია და მისი აშენება 77.2 მილიონი ლარი დაჯდება. ასევე, 18 აგვისტოს მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.