03.მაისი .2020 17:04

რა მოცულობის ოპერაციები სრულდება საგადახდო ბარათებით?-სტატისტიკა

views 575
უკან

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში მომხმარებლის მიერ საგადახდო ბარათით გადახდის ოპერაციების შესრულება.

"2019 წლის მონაცემებით, მთლიანობაში, ქართული ბარათებით საქონლის/მომსახურების შესაძენად განხორციელებული გადახდების რაოდენობამ საბარათე ოპერაციების ჯამური რაოდენობის 78% და თანხის 34% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს 5 პროცენტული პუნქტით აღემატება როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად. 2019 წლის განმავლობაში, საშუალოდ თვეში, ერთი ბარათით გადახდამ 1 013 ლარი შეადგინა"- ამის შესახებ ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

სებ-ი აღნიშნავს, რომ ბარათების გამოყენების ზრდას ხელი შეუწყო უკონტაქტო გადახდების კარგად განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ, რამაც ასევე დიდი გავლენა იქონია მობილური აპლიკაციით გადახდების ზრდაზე. გასული წლის განმავლობაში მობილური აპლიკაციით 89 მილიონი გადახდა შესრულდა, თანხობრივად 2.8 მილიარდი ლარი, რაც სულ საბარათე გადახდების რაოდენობის 33%-ს და თანხის 28%-ს შეადგენს. მომხმარებელი ასევე სარგებლობს სხვადასხვა საბარათე აქსესუარით (საათი, სამაჯური და სხვა) და ე.წ. სტიკერით.

რაც შეეხება ქართული ბარათებით შესრულებული ელექტრონული კომერციის ოპერაციებს, მან სავაჭრო მომსახურების ობიექტებში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის 20% და თანხის 35% შეადგინა.

სებ-ი აცხადებს, რომ ინოვაციური პროდუქტებისა და გადახდების განვითარებამ საბარათე ინსტრუმენტის მოწყობილობების ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალ გადაწყვეტებთან თავსებადობის უზრუნველყოფას შეუწყო ხელი. 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოში საბარათე ინფრასტრუქტურა მოიცავდა 51,488 გადახდის პოს-ტერმინალს, რაც 34%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ასევე, 9%-ით გაიზარდა ბანკომატების რაოდენობაც.

ბარათის წამკითხველი მოწყობილობებით აღჭურვილია დაახლოებით 3 ათასი თვითმომსახურების კიოსკი, რომელიც მომხმარებელს გადახდების ფართო სპექტრს სთავაზობს. დაინერგა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა (აპლიკაცია), რომლის საშუალებით მობილური ტელეფონი აღიჭურვა პოს-ტერმინალის ფუნქციით, რომლითაც შესაძლებელია ბარათით ან მობილური ტელეფონით გადახდის აპლიკაციით უკონტაქტო გადახდების განხორციელება, ხოლო ინტერნეტ გადახდებს დაახლოებით 5 ათასამდე ელექტრონული კომერციის ტერმინალი ემსახურება.



2019 წლის განმავლობაში, საშუალოდ, თვეში ერთი ბანკომატით 2 476 ოპერაცია განხორციელდა, თანხობრივად 645 ათასი ლარი, ხოლო გადახდის პოს-ტერმინალით - 333 ოპერაცია, თანხობრივად 68 ათასი ლარი. 

2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ სულ გამოშვებულია 6.7 მილიონი ბარათი, რომლის 95%-ს საერთაშორისო ბარათები შეადგენს.

გამოშვებული ბარათების უმრავლესობა (91%) არის სადებეტო. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა უმოქმედო ბარათები მიმოქცევიდან ამოიღეს, რის შედეგადაც გამოშვებული საგადახდო ბარათების საერთო რაოდენობა შემცირდა.

საქართველოში გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით შესრულებული ოპერაციების წილი, სულ საგადახდო ბარათებით შესრულებულ ოპერაციებში, რაოდენობრივად 94%-ს და თანხობრივად 92%-ს შეადგენს. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში სულ განხორციელდა 343 მილიონი საბარათე ოპერაცია, თანხობრივად 29 მილიარდი ლარი, რაც წინა 2018 წელს შესრულებულ საბარათე ოპერაციებს რაოდენობრივად 42%-ით და თანხობრივად 25%-ით აღემატება.