მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა საპენსიო სააგენტოში მოქალაქეთა დანაზოგებს?

5ed78c66e4726
შოთა ტყეშელაშვილი
03.06.20 15:28
1031
სახელმწიფო საპენსიო სააგენტო მოსახლეობის მიერ დაზოგილ თანხებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მოქალაქეთა ანგარიშებზე დარიცხულმა სარგებელმა 50 მილიონ ლარამდეა. საპენსიო სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათ სადეპოზიტო სერტიფიკატებში ინვესტიციები 651 მლნ ლარამდე გაზარდეს. 

"საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საინვესტიციო სამსახურმა ქართულ კომერციულ ბანკებთან აქტიური მოლაპარაკების საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი სრულად გადაანაწილა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკებში როგორც მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ასევე გრძელვადიან სასერთიფიკატო დეპოზიტებში - კონკრეტულად, განხორციელდა 40 მილიონი ლარის ღირებულების 36 თვიანი სასერთიფიკატო დეპოზიტების შეძენა წლიურ ნომინალურ 13.8%-ში (ეფექტური წლიური 12.24%). აღნიშნული ინვესტიცია, წარმოადგენს საუკეთესო საპროცენტო ამონაგებს საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები შეადგენს 780 მილიონ ლარს, რომლიდანაც 84%, (651 მილიონი ლარი), განთავსებულია კომერციულ ბანკებში სასერთიფიკატო დეპოზიტებში წლიურ ნომინალურ 14.7%-ში (ეფექტური წლიური 12.0%), ხოლო დანარჩენი 16%, (128 მილიონი ლარი), კომერციულ ბანკებში სარგებლიან ანგარიშებზე წლიურ 9.8%-ში. მთლიანი საპენსიო აქტივების წლიური მიმდინარე საპროცენტო მომგებიანობა შეადგენს 14.0%-მდე. აღსაღნიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში სასერთიფიკატო დეპოზიტებში არსებულ თანხას უკვე დაერიცხა 20 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი, ხოლო ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა,"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

რამდენი ადამიანი მონაწილეობს საპენსიო სისტემაში და რამდენმა დატოვა ის?

სახელმწიფო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165,713-მა ადამიანმა დატოვა. ეს კი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ია. 

კანონმდებლობის მიხედვით, სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც რეფორმის ამოქმედების დროისთვის უკვე იყვნენ 40 წლის. 

პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა იმ დასაქმებულებისთვის, რომელთა ასაკიც 40 წელზე ნაკლებია. შესაბამისად, ამ ადამიანების ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში მიიმართება. 

სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ჯამურად პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა (აქტიური წევრების რაოდენობა) 1,003,162 ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 27%-ია. 

დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, სისტემის აქტიურ მონაწილეთა 58% კაცია და 42% კი - ქალი. 

ჯამურად სისტემაში ჩართული კომპანიების რაოდეობა 63,881-ს შეადგენს, ხოლო მათი რაოდენობა კი, ყოველთვიურად დაახლოებით, 700 კომპანიით იზრდება. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სისტემის ამოქმედებიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით, 278 ადამიანმა სისტემა სრულად დატოვა, რაც მათი გარდაცვალებით, პენსიაზე გასვლით ან შშმ პირად ქცევით იყო განპირობებული. 

რა სახით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება სრულფასოვანი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შემდეგ?

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს. არსებული მდგომარეობით, ამ დოკუმენტზე მუშაობა კვლავ გრძელდება და საპენსიო სააგენტო და ეროვნული ბანკი მისი საბოლოო ვერსიის მისაღებად მოლაპარაკებებს მართავენ.

მას შემდეგ, რაც კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით კიდევ ერთი არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან გადადგომის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. 2020 წლის 16 იანვარს კი მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა,
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი, მისი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა. 

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.