მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის თანხას იღებს ბიუჯეტი სამართალდარღვევებიდან და რატომ იზრდება ეს თანხა

5e36ba376222c
ეგნატე შამუგია
02.02.20 15:32
3925
საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყარო გადასახადებიდან მიღებული ფინანსური რესურსებია. გარდა გადასახადებისა, ბიუჯეტში რესურსების ალოკაციის სხვა ტიპის საშუალებებიც არსებობს. მათ შორის, ჯარიმები და სანქციები. ზოგიერთი მათგანი თეორიულად ფისკალური პოლიტიკის ნაწილი არ არის, რადგან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პროცესს უკავშირდება და მთავრობის მიერ საზოგადოებრივი პროდუქტის მიწოდების პროცესში მიღებული ფინანსური რესურსია. თუმცა, რეალურად ამ ტიპის საშუალებები მთავრობის ფისკალური ინსტრუმენტია, რითაც ეკონომიკიდან რესურსების ამოღება და საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსება ხორციელდება. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდაცვისა და სისხლის სამართლის კოდექსები მთავრობის ფისკალური პოლიტიკის ნაწილია. გადასახადსა და სამართალდარღევაზე დაწესებულ ფინანსურ სასჯელს საერთო ნიშან-თვისება ახასიათებს. კერძოდ, ორივე სავალდებულო და უპირობო ფულადი შენატანია.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულზე სასჯელის ერთ-ერთი სახე ჯარიმაა, რაც ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულად გადასახდელს წარმოადგენს. მისი მინიმალური ოდენობა 2 000 ლარია. ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს, დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართლდაღვევიდან მიღებული შემოსავლებს - მისი საბიუჯეტო განაწილება ასეთი დაღვევის გამომვლენი ორგანოების მიხედვით ხდება. ცენტრალური ხელისუფლების ორგანების მიერ გამოვლენილი - სახელმწიფო ბიუჯეტში, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების - ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში და მუნიციპალური ორგანოების - ადგილობრივ ბიუჯეტში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი ძირითადი და ხშირად გამოვლენილი სახე საგზაო მოძრაობის წესები დარღვევა. აღნიშნული სამართლდარღვევიდან მიღებული შემოსავლები სახელმწიფო (40%) და ადგილობრივ (60%) ბიუჯეტში ნაწილდება, ვინაიდან საგზაო ინფრასტრუქტურისა და წესების განსაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა, ხოლო წესების შესრულებაზე ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების (შსს) ერთად.



ნაერთი ბიუჯეტის (ცენტრალური, ა/რ რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტები) შემოსავლების საშუალოდ 1.46% ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლებია, სადაც ადმინისტრაციული სამართლადაღვევიდან მიღებული შემოსავლები საშუალოდ 0.84%-ს იკავებს, ხოლო სისხლის სამართლიდან კი - საშუალოდ 0.62%.

2013-2017 წლებში ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები მცირდებოდა, მაგრამ გასული ორი წელის მანძილზე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდის ზრდა ადმინისტრაციული სამართალდაღვევაზე დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს უკავშირდება, ხოლო სისხლის სამართლიდან კი, პირიქით, კიდევ უფრო შემცირდა. 2019 წელს ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 162.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე 2018-2019 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის საშუალებით მიღებული შემოსავლები კი ყველაზე დაბალ ნიშნულს იკავებს. 2019 წელს ამ ტიპის ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 17.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წელს 17.5 მლნ ლარი იყო.

თავის მხრივ, ადმინისტრაციული სამართალდაღვევებიდან მიღებული შემოსავლების ზრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან მიღებული ფინანსური რესურსების ზრდას უკავშირდება. კერძოდ, 2017 წელთან შედარებით, 2019 წელს მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები 133.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წელთან შედარებით კი - 53.8%-ით, 45.3 მლნ ლარით. გასულ წელს ნაერთი ბიუჯეტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაღვევიდან მიღებულმა რესურსებმა 129.4 მლნ ლარი შეადგინა. ბოლო წლებში ამ ტიპის ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების ზრდა, ერთი მხრივ, ჯარიმის ოდენობის ზრდას და მეორე მხრივ, 2017 წლის ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების ავტომატიზირებული აღრიცხვის დანერგვასა და უშუალოდ ვიდეოკამერების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.