09.სექტემბერი .2019 15:15

რა მოლოდინი აქვს ბიზნესს ეკონომიკური გუნდისგან?-BAG გიორგი გახარიას გაპრემიერებას აფასებს

views 292
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) გიორგი გახარიას გაპრემიერებას ეხმაურება. როგორც BM.GE-სთვის გამოგზავნილ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უწყებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა დაიხვეწოს, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტას. BAG-ის განცხადების მიხედვით, ლარის კურსი ბიზნესისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხად რჩება. მათივე განმარტებით, ახალ ეკონომიკურ გუნდს BAG-თან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს.


„პირველ რიგში, ვულოცავთ პრემიერსა და მინისტრებს შესაბამის თანამდებობებზე დამტკიცებას. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკური ბლოკი უცვლელია, ვინაიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციას არსებულ ეკონომიკურ ბლოკთან უკვე აქვს ეფექტური თანამშრომლობის კარგი გამოცდილება. რაც შეეხება საკითხებს, ასოციაცია არის ხიდი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და როგორც ყოველთვის ჩვენ დავაყენებთ იმ ობიექტურ და სამართლიან საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე აქტუალურია და გადაწყვეტას ითხოვენ. 

რამოდენიმე საკითხზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა. აღვნიშნავდით, რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაიხვეწოს, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტას. ზოგჯერ უარიც პასუხია და ესეც ღირებულია, რადგან ბიზნესი იწყებს ალტერნატიული გეგმის მოძიებას. მაგრამ ძალიან ცუდია დროში გაწელილი გადაწყვეტილებები.

ასევე, მართლაც მნიშვნელოვანია განჭვრეტადობა, ანუ  პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა. რეალურად უნდა შეიქმნას ის ვითარება, როდესაც ნებისმიერი საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივა, რაც ბიზნესს უკავშირდება წინასწარ იყოს განხილული ბიზნესთან. ბიზნესმენები პრაგმატული ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ამ ხარისხის კომუნიკაციაც კი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა საკითხზე შეიძლება მოხდეს აზრთა თანხვედრა, მაგრამ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით დასტურდება, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად სახელმწიფო ისმენს მნიშვნელოვან, პროფესიულ და რეალურ ინფორმაციას და შედეგად ყოველთვის იღებს უფრო სწორ გადაწყვეტილებას. დღესაც არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიგებთ პოსტფაქტუმ, რაც, ჩვენის აზრით, არცერთი მხარისთვის არ უნდა იყოს სიკეთის მომტანი.

ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჭარბი სოციალური ვალდებულებებისგან დაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქვეყანაში შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკა, რისი ბუნებრივი შედეგიც იქნება ის რომ, კერძო სექტროში დასაქმდება სამუშაო ძალის უმეტესობა. ასევე ძლიერი ეკონომიკის არსებობის შემთხვევაში სახეზე გვექნება მნიშვნელოვნად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები, რომლითაც დაფინანსდება სხადასხვა სახის სოციალური პროექტები თუ სხვა ხარჯები.
 
სხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ახალ პრემიერთან დავაყენებთ იქნება ჩვენი პროფესიული ხედვა ლარის კურსთან დაკავშირებით. ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია დღეს ბიზნესისთვის და ამ თემაზეც გვინდა მთავრობასთან საერთო ხედვებზე შეჯერება. 

ზოგადად, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ეფექტური და პროფესიული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას. ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი, რაც იმთავითვე გულისხმობს ძლიერ ეკონომიკას და ფართო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა