24.აპრილი .2020 12:24

რა მოლოდინი აქვს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე Galt & Taggart-ს?

views 419
უკან

დღეს საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის მონახაზს წარადგენს, საიდანაც გაირკვევა თუ რა პროექტებზე მიიმართება ის სახსრები, რომელთა მობილიზებასაც საქართველოს მთავრობა დონორებისგან ახდენს.

გადაცემა “საქმიან დილაში” ამ გეგმის შესაძლო პარამეტრების შესახებ Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მოცულობითაც უფრო მეტი დაფინანსება, სავარაუდოდ, სოციალურ მიმართულებაზე მიიმართება, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერა კი, მოხდება ისეთი პროგრამების გაფართოებით, როგორიცაა “აწარმოე საქართველოში”.

“ველოდებით, რომ ბიუჯეტის ზომა მნიშვნელოვნად შეიცვლება და არაერთ მიმართულებაში ეკონომიის გაკეთების შედეგად, სხვა მიმართულებებზე ხარჯვა გაიზრდება.

ველით, როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. როგორც თქვენს გადაცემებშიც ითქვა, თუნდაც “აწარმოე საქართველოში”-დან გამომდინარე საგარანტიო მექანიზმების შეთავაზებას ბიზნესებისთვის. ჩვენს გათვლებში ვფიქრობთ, რომ მოცულობით უფრო მეტი შეიძლება წავიდეს სოციალურ მიმართულებაზე, ვიდრე ბიზნესის დახმარებაზე,” - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით კი, Galt & Taggart-ი აუცილებლად მიიჩნევს, რომ მოხდეს საბანკო სისტემაში უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირება, რაც საფინანსო სექტორში დამატებით 300-დან 600 მილიონ დოლარამდე მოცულობის რეზერვს გამოათავისუფლებს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის დაფინანსებაზე მიიმართება. კიდევ ერთი მიმართულება, რასაც Galt & Taggart-ი მონეტარული პოლიტიკის მხრივ გამოყოფს, ბაზარზე ლარის ლიკვიდობის ხელშეწყობაა.

“ჩვენ რაც დავითვალეთ, პირველ კვარტალში საგარეო ბალანსი გაუარესდა, დაახლოებით, 155 მილიონი დოლარით. სებ-მა 100 მილიონი დოლარის ოდენობით მიაწოდა ამის გამო რეზერვებიდან, ხოლო პანიკური გაყიდვები რაც იყო, დაცხრა ბაზარი. კურსი კი 3.15-ის ფარგლებში დასტაბილურდა. ჩვენ ვიცით, რომ სებ-ი გააგრძელებს ინტერვენციებს და მეტ-ნაკლებად პანიკურ გაყიდვებს დაასტაბილურებს და ამისთვის 400 მილიონი დოლარი დასჭირდება.

ვფიქრობთ, რომ ლარის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, მოხდეს დარეზერვების ნორმის შემცირება უცხოურ ვალუტაში.

მთელ მსოფლიოში მოხდება უპრეცედენტო ლიკვიდობის მიწოდება ბაზარზე. აბსოლუტურად ყველა განვითარებულმა ქვეყანამ საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე დაწია და განვითარებადი ქვეყნების ნახევარმა გააკეთა და ასე მასიური ინექციები კეთდება ეს კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს და ეკონომიკის გადარჩენა მოხდეს კორონავირუსის შედეგების გათვალისწინებით.

ჩვენ საქართველოში რასაც ვუყურებთ არის განსხვავებული. ვხედავთ, რომ ლარის ლიკვიდობა სისტემაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. დეპოზიტები გადოლარდა. ჩვენ რაც ვიცით ბაზრის მონაწილეებისგან მიმდინარე ანგარიშებზე ლარის საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 3 პროცენტული პუნქტით ანუ დეპოზიტებს როდესაც ძვირად იზიდავს, რომ სესხებიც ძაან გაძვირდება. ხოლო თუ იმას ვაკეთებთ, რომ სესხები არ გაძვირდეს და კოლაფსი არ მოხდეს და ძალიან არ შემცირდეს სესხებზე მოთხოვნა, იმიტომ რომ საპროცენტო განაკვეთები გაძვირდება. ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს ლიკვიდობის მიწოდება ბაზრისთვის ცენტრალური ბანკიდან იმიტომ, რომ იყოს სტიმულირება და საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს.

სებ-ის მხრიდან შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ ლიკვიდობა რომ გაიზარდოს, შეიძლება ამას ლარის მასის ზრდა მოჰყვეს; ამას ექნება რა თქმა უნდა ნეგატიური ზეწოლა კურსზე, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, ამისთვის რეზერვების დახარჯვა, რადგან ვფიქრობთ, რომ დონორებიდან შემოსული დახმარება გამოიწვევს რეზერვების ზრდას. სებ-მა უნდა მოახდინოს ინტერვენციები და დამატებით დოლარის ლიკვიდობა უნდა მიაწოდოს ბაზარს დარეზერვების ნორმის შემცირებით.

ვფიქრობთ, რომ ეს არის მოკლევადიანად გასაკეთებელი, რადგანაც საპროცენტო განაკვეთები არის გაზრდილი; რომც აიღონ მსესხებლებმა ამ პროცენტებში სესხები, შემდეგ გაუჭირდებათ მისი მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა არ მოხდეს და მოხდეს სისტემისთვის ლიკვიდობის მიწოდება,” - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა