12.ნოემბერი .2019 15:25

რა მოსდის მთავრობის ზომას?

views 1483
უკან

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ 2018 წლის ივნისში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - 2018-2020“ მთავრობის ზომას ვრცელ ნაწილს უთმობდა. 2018-2020 წლების პროგრამის ერთ-ერთი თავი „მცირე და მოქნილი მთავრობის“ კონცეფციას მოიცავდა. აღნიშნული დოკუმენტი მთავრობის ზომის შემცირებას, მმართველობითი ხარჯების კლებადი ტენდენციის უზრუნველყოფას და სამთავრობო უწყებების გაერთიანება/ოპტიმიზაციას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მთავრობის ზომის შემცირება ეწერა, დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შემთხვევაში მთავრობის ზომა გაიზრდებოდა, ვინაიდან მამუკა ბახტაძის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარე ხარჯების ზრდისკენ იყო მიმართული. 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის დამტკიცების პარალელურად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში - ცენტრალურ დონეზე მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 1,5 ათასითაა შემცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ საუბარი მიდის მომდევნო წლიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე, სადაც ადრე არსებული სამი სამინისტრო გაერთიანდა. კერძოდ, ამ საკითხს ამავე სამინისტრო ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან წასვლის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეეხო. 2019 წლის სექტემბერში პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრების პროგრამებში არსებითი განსხვავებები ნაკლებად შესამჩნევია, ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა მაინც არსებობს. ეს კი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის სამოქმედო დოკუმენტში „მცირე მთავრობის“ კონცეფციის არარსებობას უკავშირდება.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საინტერესოა, ბოლო წლებში მთავრობის ზომის და მმართველობითი ხარჯების ტენდენციის გაანალიზება, თუმცა სანამ არსებულ და საპროგნოზო მაჩვენებლებს განვიხილავთ, უნდა განვმარტოთ „მთავრობის ზომის“ ინდიკატორი, რაც ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე და წმინდა კაპიტალური ხარჯების ჯამსა და მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) შორის ფარდობით იზომება. აღნიშნული ცენტრალური და სუბნაციონალური ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყენებული ფინანსების მოცულობას ასახვას, რომელის დიდი ნაწილი ფისკალური საშუალებებით ეროვნული ეკონომიკიდან ამოღებული რესურსია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საჯარო დაწესებულების მიერ განკარგულ რესურსებს სრულად არ ასახვას, რადგან საჯარო სექტორი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ნაერთი ბიუჯეტის ფარგლები.

მთავრობის ზომა

როცა საუბარი მთავრობის ზომას ეხება, აღნიშნული ეკონომიკაში მთავრობის როლს უკავშირდება. თუმცა, ეს უკანასკნელი სრულად არ ასახავს მთავრობის ჩარევის მასშტაბებს, ვინაიდან ეკონომიკაში ჩარევის ფარგლები და რესურსების განკარგვა მხოლოდ საჯარო ფინანსების სტატისტიკაში ასახული მაჩვენებლები არ არის. სახელმწიფო ეკონომიკაზე გავლენას, გარდა ფისკალური საშუალებებისა, რეგულირებით და აქტივების განკარგვით ახორციელებს. თავის მხრივ, მთავრობის მიერ რესურსები განკარგვა მონოპოლიზირებულად, კონკურენციის გარეშე ხორციელდება, რაც რესურსების ნაკლებად ეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს. ეკონომიკაში სახელმწიფოს გაზრდილი მონაწილეობის შემთხვევაში ნაკლები ადგილი რჩება კერძო ინიციატივისთვის, რომელიც რესურსებს უფრო ეფექტიანად იყენებს, ვიდრე საჯარო ინსტიტუტები. შესაბამისად, რაც უფრო დიდია მთავრობის ზომა, ეკონომიკაში მით უფრო ნაკლებია კონკურენციის პირობებში განკარგული რესურსების წილი.



„მცირე მთავრობის“ კონცეფციაზე დაფუძნებული სამთავრობო პროგრამის მიუხედავად, მთავრობის ზომა არა თუ შემცირდა, პირიქით, 2019 წელს გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები მშპ-ს 30,7%-ია, რაც წინა წილის მაჩვენებელს 1,1 პ.პ. -ით აღემატება. 2019 წლის მთავრობის ზომაში მიმდინარე ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით 23,3%-ია, ხოლო კაპიტალური კი - 7,4%. თავის მხრივ, მთავრობის მიერ განკარგული რესურსების 1/3 -ზე მეტი ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაში იხარჯება, რასაც ყოველწლიური ზრდის ტენდენცია ახასიათებს. რაც შეეხება „ტრადიციული“ საზოგადოებრივი საქონლის - თავდაცვა და საზოგადოებრივი წესრიგის ხარჯების წილს, ეს მაჩვენებელი 1/6-ზე ოდნავ მეტია, რაც ყოველწლიურად იკლებს. თუ 2010 წელს ცენტრალური და სუბნაციონალური მთავრობის მიერ განკარგული რესურსების 22,0% თავდაცვისუნარიობისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას ხმარდებოდა, 2018 წლის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 15,4%-მდეა შემცირებული.
მთავრობის ზომის მაჩვენებელი 2020 წლისთვის ბიუჯეტის პროექტისა და მშპ-ს საპროგნოზო მოცულობის გათვალისწინებით 30,1%-ითაა დაგეგმილი, სადაც მიმდინარე ხარჯები 23,2%-ს შეადგენს, ხოლო კაპიტალური კი - 6,9%-ს. ბოლო წლებში, მთავრობის ზომა საშუალოდ 30,4%-ია, რაც 2020-2023 წლებში 30,0%-ს ფარგლებშია პროგნოზირებული. შესაბამისად, ათწლიან პერიოდში მთავრობის ზომა არსებითად არ შეცვლილა და არც მომდევნო ოთხწლიან პერიოდში შეიცვლება.

მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები

როგორც აღვნიშნეთ, ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები - მთავრობის ზომა მიმდინარე და წმინდა კაპიტალური ხარჯების ჯამია. თავის მხრივ, მიმდინარე ხარჯები მთავრობის მიმდინარე ოპერაციებისთვის განკუთვნილი ხარჯებია, რომელის ძირითადად ადმინისტრაციულ ხარჯებსა და სოციალურ ტრანსფერებს მოიცავს. კაპიტალური ხარჯები კი კაპიტალური აქტივების ზრდისკენ მიმართული ხარჯებია, ხოლო წმინდა კაპიტალური ხარჯები ასეთი აქტივების შეძენასა და გაყიდვას (პრივატიზაცია) შორის სხვაობაა.

რაც შეეხება გადასახდელებში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გადანაწილებას, აღსანიშნავია 2017 წლიდან კაპიტალური ხარჯების წილის ზრდა. აღნიშნული წინა წელთან შედარებით 5,1 პ.პ. -ით, 18,5%-მდე გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელებში ამ ტიპის ხარჯების წილი მიმდინარე წლის გეგმით 24,1%-ია, რაც 2020 წლისთვის 22,9%-მდე მცირდება და 2021-2023 წლებში საშუალოდ 22,4%-იან მაჩვენებლითაა დაგეგმილი. შესაბამისად, ამავე პერიოდში გადასახდელებში მიმდინარე ხარჯების წილი ზრდადია.




მიმდინარე ხარჯების ფარდობით მაჩვენებლის ზრდა 2012 წელს დაიწყო, რაც 2017 წლამდე გაგრძელდა, მაგრამ ამ წლიდან კლების ტენდენციით შეიცვალა. კერძო, 2017 წელს ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები წილი მშპ-სთან მიმართებით 25,9%-დან 24,3%-მდე შემცირდა. 2012-2016 წლებში მიმდინარე ხარჯების ზრდის პარალელურად, კაპიტალური ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელიც მცირდებოდა. თუმცა, 2017 წლიდან მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. კერძოდ, აღნიშნული პერიოდიდან ნაერთი ბიუჯეტის წმინდა კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე კი - შემცირდა. 2019 წლის მონაცემებით, მიმდინარე ხარჯები 23,3%-ს შეადგენს, ხოლო კაპიტალური კი - 7,4%-ს. რაც შეეხება მომდევნო ოთხწლიან პერიოდს, მიმდინარე ხარჯებს ცვლილება არ ახასიათებს და ის 23,3%-იანი ნიშნული ფარგლებში იქნება, ხოლო წმინდა კაპიტალური ხარჯები კი - საშუალოდ 6,7%-მდე შემცირდება.

ბიუროკრატიული ხარჯები

ადმინისტრაციული ხარჯები (ბიუროკრატიული) შრომის ანაზღაურებასა და საქონელი და მომსახურების ჯამია. აღნიშნული, თავის მხრივ, მიმდინარე ხარჯების ნაწილია. ბიუროკრატიული ხარჯები საჯარო სერვისის მიწოდებაში გამოყენებული ადამიანური რესურსის და მათი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შეძენის (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, საწვავი, ავტომობილები, კომუნალური მომსახურება და ა.შ.) ხარჯებს მოიცავს.

2019 წლის გეგმის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების წილი ბიუჯეტის გადასახდელებში 24,6%-ია, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. 2020 წლისთვის კი, 24,4%-ითაა დაგეგმილი, რასაც მომდევნო ოთხწლიან პერიოდში კლების ტენდენცია ახასიათებს და არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის 22,9%-მდე მცირდება.




2017 წლიდან ადმინისტრაციული ხარჯებს მშპ-სთან მიმართებით კლების ტენდენცია გააჩნია, რაც 2019 წელს გეგმით 7,5%-ს შეადგენს, სადაც შრომის ანაზღაურება მშპ-ს 4,0%-ია, ხოლო საქონელი და მომსახურება კი - 3,6%. 2020 წლისთვის ადმინისტრაციული ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი 7,4%-ია, რაც მიმდინარე წელთან შედარებით მხოლოდ 0,1 პ.პ. -ით მცირდება. ბოლო წლებში ამ ტიპის ხარჯები მშპ-ს საშუალოდ 9,0%-ია, რაც მომდევნო ოთხწლიან პერიოდში ყოველწლიურად 0,2 პ.პ. -იანი კლებითაა პროგნოზირებული, სადაც ცალ-ცალკე, შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების საპროგნოზო მაჩვენებლის კლება ყოველწიურად 0,1-0,1 პ.პ. -ებითაა დაგეგმილი.

შეჯამება

ბოლო წლებში ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების ფარდობა მშპ-სთან - მთავრობის ზომა საშუალოდ 30,5%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს, მიუხედავად მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამისა, შემცირების ნაცვლად, პირიქით, გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ არც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობით მომზადებული ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს მთავრობის ზომის შემცირებას. მომდევნო ოთხწლიან პერიოდში მთავრობის ზომა საშუალოდ 30,0%-იანი ნიშნულითაა დაგეგმილი. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი ბიუჯეტის მნიშვნელოვან პარამეტრზე - დეფიციტზე აისახება. თუ მთავრობის ზომა იზრდება, ბიუჯეტის დეფიციტიც იზრდება (გადასახადების ზრდის გარეშე). ნაერთი ბიუჯეტის მოდიფიცირებული დეფიციტი მიმდინარე წელს მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. 2020-2023 წლებში დეფიციტის ზრდაა პროგნოზირებული. აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ მშპ-ს 2,8%-ითაა ნავარაუდევი. დეფიციტის ზრდა კი სახელმწიფო ვალის გაზრდილ მოცულობაში აისახება, რადგან ამ უკანასკნელის დაფინანსების წყარო სწორედ ვალის აღებაა.

მეორე საკითხი, რაც ადმინისტრაციულ ხარჯებს უკავშირდება, დადებითი ტენდენციით ხასიათდება, ვინაიდან 2017 წლიდან ამ ტიპის ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები მცირდება. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მომდევნო ოთხი წლის მანძილზეც გაგრძელდება. 2020-2023 წლების პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების წილი მშპ-ში საშუალოდ 7,1% იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა