მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა სინამდვილეში - რომან გოცირიძე Inter Rao-სთან წაგებული საარბიტრაჟო დავის შესახებ წერს

63ecf7f178a21
BM.GE
15.02.23 19:16
1800
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

მიღებული განაჩენების შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით საქართველოს მთავრობის მხრიდან საქმესთან დაკავშირებით მცადი განცხადებები კეთდება და სინამდვილეში არბიტრაჟის წაგება სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

“სიცრუის ნაკადი მოედინება ხელისუფლების მხრიდან და სამწუხაროდ, საკმარისად ვერ გაეცა ჯერ კიდევ პასუხი იმ ფაქტზე, თუ რატომ უნდა გადაუხადოს საქართველოს მოსახლეობამ რუსულ კომპანია “ინტერრაოს” 112 მილიონი დოლარი, რომელიც სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დააკისრა.

რა მოხდა სინამდვილეში:

-ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს “თელასი” და ხრამის ორი ჰოდროელექტროსადგური რუსული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა. ეს უკსნასკნელები 25 წლიანი იჯარით.

-2011 წელს ხრამის სადგურები ხელისუფლებამ მიჰყიდა რუსულ კომპანიას 104 მილიონ დოლარად, იმ პირობით, რომ ეს კომპანია ხრამზე აააშენებდა კიდევ სამ ჰიდროელექტროსადგურს და 2016 წლამდე განახორციელებდა ინვესტიციებს 193 მილიონი დოლარის ოდენობით. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ელექტოენერგიის ტარიფი არ გაიზრდებოდა 15 წლის განმავლობაში, რადგან ჰესების მიყიდვა საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით მოხდა.

-2012 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” პოპულისტური საარჩევნო პროპაგანდისტული დაპირებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულების მიზნით, ენერგეტიკის სამინისტრომ შესთავაზა “ინტერრაოს” ტარიფის მცირეოდენ შემცირება, ისიც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რის სანაცვლოდ ახალი ხელშეკრულებით გაუუქმა ძველი ვალდებულებები, კერძოდ, ინვესტიციების განხორციელების და ტარიფის ზრდაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ.

-კ. კალაძის მიერ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები არის საიდუმლო და როგორც შემდგომ გაირკვა, მასში ისეთი მუხლები იქნა დამატებული, რომელიც ტარიფის ზრდის საშუალებას აძლევდა რუსულ კომპანიას, ლარის გაუფასურების შემთხვევაში. ეს ინფორმაცია ცნობილი ხდება საერთაშორისო არბიტრაჟებში სარჩელის განხილვის პროცესში, რადგან ხელისუფლება ხელშეკრულებაში მომხდარ ცვლილებებს დღემდე ასაიდუმლოებს.

-რუსული კომპანიის სასარგებლოდ წარმოებული დათმობები შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც შეცდომა, არამედ როგორც კორუფციული გარიგება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაშინ, როცა საარბიტრაჟო დავები წარმოებდა, 2020 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული “თელასის” წილი, 25 პროცენტის ოდენობით, მოულოდნელად გაიყიდა კ. კალაძესთან დაახლოებულ პირზე ხ. მაქაცარიაზე. ამ პირთან კ. კალაძის კავშირები დასტურდება მრავალი გახმაურებული ფაქტით.

-ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ქმედებების შედეგად ქვეყანამ დაკარგა ფინანსური რესურსები, რომელიც ქ. თბილისის წლიური ბიუჯეტის მეოთხედზე მეტია. სასამართლო დავების პროცესში საადვოკატო მომსახურებაზეც ასევე დაიხარჯა მილიონობით ლარი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება რუსულ კომპანიასთან სავარაუდო კორუფციული გარიგებისა და ქვეყნისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე,”- წერს რომან გოცირიძე.

ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.