მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა წელს კრიპტო სამყაროში?

63ac5cb82f56a
BM.GE
29.12.22 17:54
678
გასულ წელს კრიპტო ვალუტების ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს კრიპტო ზამთარი უწოდეს. რიგმა ფაქტორებმა, ბიტკოინის და სხვა კრიპტო ვალუტების ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, რამაც ამ სფეროში მომუშავე ბევრ კომპანიაზე სავალალოდ იმოქმედა.

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ინფლაციასთან ბრძოლის მოტივით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, შედეგად რისკიან აქტივებზე (ევრო, კრიპტო, აქციები და სხვა) მოთხოვნის კლება მოჰყვა, ამან კი ფასების ვარდნა გამოიწვია.

სწორედ ეს აღმოჩნდა „კრიპტო ზამთრის“ დაწყების მთავარი მიზეზი. დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდამ, ინვესტორებისთვის სწორედ ამერიკული ვალუტისადმი მოთხოვნა გააძლიერა. ამის გამო, იანვარში ბიტკოინის ფასი 19%-ით დაეცა, ეთერიუმისა კი - 29 პროცენტით.

ტერას (Terra) კრახი

მაისში კრიზისს კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი დაემატა - ინვესტორებმა ტერას (Terra) სტეიბლკოინ UST-ის მასობრივი გაყიდვა დაიწყეს. ჯამში დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის UST გაიყიდა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ფასი 1-დოლარიანი ნიშნულს ჩამოსცდა და მკვეთრად დაეცა. რამდენიმე დღეში, UST-ს ფასი 10 ცენტამდე შმეცირდა.

პარალელურად, უკიდურესად გაუფასურდა ტერას მონეტა ლუნა (Luna), რომელიც ისტორიულ მაქსიმუმ 119.51 დოლარიდან, ნულამდე დაეცა. ერთ კვირაში, კრიპტო ინვესტორებმა ჯამში 20 მილიარდზე მეტი დოლარი დაკარგეს.

შემდეგ მოხდა ის, რომ კრიპტო საკრედიტო კომპანია Celsius Network-მა თავისი კლიენტების სახსრების გაყინვის შესახებ გამოაცხადა. ამის მიზეზად, „ექსტრემალური საბაზრო პირობები“ დასახელდა. კერძოდ, კომპანია ბაზარზე მიმდინარე ძლიერმა რყევებმა დააზარალა.

ამის შედეგად, ბიტკოინის ფასი 23 ათას დოლარზე დაბლა დაეცა, „ცელსიუსის“ მონეტა Cel-ის ფასი კი მესამედით შემცირდა.

ბიტკოინი (BTC) 20 000 დოლარზე დაბლა

ივნისში ბიტკოინის ფასი 20 ათას დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ეს 2020 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ინვესტორებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზღვარია, რამაც ყიდვის მოსურნე ინვესტორების (ხარების) “მადა“ გააუარესა. ეს ის დონეა, რომელსაც 2017 წელს ყველაზე პოპულარულმა კრიპტო ვალუტამ თითქმის მიაღწია. თუმცა მომდევნო წელს, ფასი თითქმის 3 000 დოლარამდე დაეცა. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა შექმნილი ამჟამადაც.

ამის კვალად, თითქმის 1 000 დოლარამდე დაეცა ეთერიუმის (ETH) ფასი, სოლანას (SOL) და პოლკადოტის (DOT) ფასები კი მაქსიმუმებიდან 90 პროცენტით შემცირდა.

Three Arrows-ს გაკოტრება

ივნისშივე გაკოტრდა ჰეჯ ფონდ Three Arrows Capital, რომელმაც ჯერ ბიტკოინ კრედიტებთან დაკავშირებით, დეფოლტის შესაძლებლობა დაუშვა. თვის ბოლოს კი სასამართლომ ის გაკოტრებულად გამოაცხადა და ლიკვიდაციის პროცედურა დაიწყო. ამან Three Arrows-ის ყველაზე მსხვილი კრედიტორი, კომპანია Voyager-ც გააკოტრა, სავაჭრო კომპანია Genesis-მა (ასევე Three Arrows-ის კრედიტორი) კი ასეულობით მილიონი დოლარი იზარალა.

FTX-ის კრახი

უმსხვილესი კრიპტო სავაჭრო კომპანია FTX ნოემბერში გადახდისუუნარო აღმოჩნდა. მის შვილობილ კომპანია Alameda Research-ის კუთვნილი მონეტა FTT-ს ფასი, 22-დან 1 დოლარამდე დაეცა. ამან პრობლემები FTX-ს შეუქმნა. და ჯგუფმა გაკოტრების პროცედურის დაწყება გადაწყვიტა. თანა-დამაარსებელმა სემ ბენკმან-ფრიდმა სცადა კომპანიის გაყიდვა და თითქოს იპოვა კიდეც მხსნელი - კომპანია Binance-ი. მაგრამ ამ უკანასკნელმა, FTX-ის უზარმაზარი ვალის გამო, ბოლო მომენტში თავი შეიკავა.

მალე ბენკმან-ფრიდი ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში და ბევრ სხვა დანაშაულში ედება. დაკავებულმა აშშ-ში ექსტრადიციაზე თანხმობა განაცხადა.

და ეს ყველაფერი არაა: Binance-ის კლიენტებმა, რამდენიმე დღეში, საკუთარი საფულეებიდან 6 მილიარდზე მეტი დოლარი გაიტანეს. თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ ეს მის ისტორიაში, გატანის ყველაზე დიდი მაჩვენებელი არაა.

იქნება 2022 წელი კრიპტო ზამთრის დასასრული თუ 2023 წელს კიდევ მეტ გამოწვევებს უნდა ველოდოთ კრიპტო ბაზარზე?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა მსხვილი ბანკების და საინვესტიციო კომპანიების უმეტესობა 2023 წელს კრიპტო ზამთრის დასასრულს და მნიშვნელოვან ზრდას მოელის.