მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდება თუ ბანკი, სადაც დეპოზიტი გაქვთ კრიზისში შევა? - ბანკების რეზოლუციის წესები ძალაშია

5e033c0d8c374
შოთა ტყეშელაშვილი
25.12.19 17:30
3300
დღეს საქართველოს კომერციულ ბანკებში 27 მილიარდი ლარის ღირებულების დეპოზიტები არის განთავსებული. თანხის 64.4% უცხოურ ვალუტაში, 35.6% კი ლარში არის ნომინირებული.

დღეს საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგად კაპიტალიზებული და სტაბილური სექტორია. წლებია, რაც საფინანსო სექტორში მნიშვნელოვანი კრიზისი არ მომხდარა, 2014-2016 წლებში საქართველოს ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, საფინანსო სექტორში არ მომხდარა ის, რაც მოხდა რეგიონის მრავალ ქვეყანაში, უმოქმედო სესხების ოდენობა სტაბილურ ნიშნულზე დარჩა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ცალკეული კომერციული ბანკები, თუნდაც შედარებით მსხვილი ბანკები კრიზისისგან ან არასწორი მენეჯმენტისგან დაცულები არიან.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც კრიზისულ ვითარებაში მყოფი ბანკებისთვის ლიკვიდაცია/გაკოტრების პროცედურებისგან განსხვავებული ახალი ჩარჩო - “გაჯანსაღებისა და რეზოულუციის” სისტემა ინერგება.

რა არის ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო?

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა.

იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს ამ პრობლემებზე ადრეული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო თუ ასეთი რეაგირება უშედეგოდ დასრულდა, მაგალითად, თუ დადგა კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, რეზოლუცია რეგულატორის მიერ კომერციული ბანკის იმგვარად რესტრუქტურიზაციას გულისხმობს, რომ საფრთხე არ შეექმნას ფინანსურ სტაბილურობას.

რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივასაც წარმოადგენს და ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ბანკის ლიკვიდაციას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე.

დეპოზიტების დაცულობის მიმართულებით, მსგავს ვითარებაში სახელმწიფო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ერთვება, რომელიც დღეის მდგომარეობით 5,000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების გარანტორი, ხოლო 2020 წლიდან კი 15,000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების გარანტორია. 15,000 ლარზე დიდი მოცულობის დეპოზიტები კი სახელმწიფოს მიერ არ არის გარანტირებული.

რა უფლებები ენიჭება სებ-ს რეზოლუციის ჩარჩოს მეშვეობით?

კომერციული ბანკების რესტრუქტურიზაციისთვის ორგანულ კანონში შესული ცვლილებებით სებ-ს საკმაოდ ფართო უფლებები ენიჭება. მათ შორის გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის გადასარჩენად სპეციალურ დაფინანსებასაც გამოყოფს.

მუხლი 55. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება

"1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახორციელოს ყველა საჭირო სარეზოლუციო უფლებამოსილება, რაც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების შესრულებისთვის, მათ შორის:
ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული კონტროლი ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება;
ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არ დაიცვას ამავე კანონის 32-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრინციპები;
გ) განახორციელოს რეზოლუციაში მყოფი ბანკის აქტივებისა და ვალდებულების შეფასება; დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომლები, ადმინისტრატორები და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე;
ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსულ ვალდებულებებზე ან/და შეუზღუდოს მხარეს კომერციულ ბანკთან გაფორმებულ კვალიფიციურ ფინანსურ ხელშეკრულებებთან მიმართებით ხელშეკრულების ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა;
ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის მიმართ არსებულ საქმეთა წარმოების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
თ) მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან ბანკის აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა;
ი) მოახდინოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირ(ებ)ზე გადაცემა. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტების გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ სხვა კომერციული ბანკის ან დროებით ბანკისათვის;
კ) განახორციელოს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების (გარდა აქციებისა) კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;
ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების, საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვება;
მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;
ნ) გარდა კომერციული ბანკის მიერ სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენებისა, შეწყვიტოს, მათ შორის, ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, ასევე, დერივატივების შესახებ ხელშეკრულება;
ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები (გარდა უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა) ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის, მათ შორის, მიღებული პრემიის, ცვალებადი ანაზღაურების ან სხვა მსგავსი ტიპის შემოსავლის, ანაზღაურება კომერციული ბანკის იმ აქციონერებისგან, ადმინისტრატორებისგან ან სხვა ისეთი თანამშრომლებისგან, რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს;
ჟ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ სარეზოლუციო რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია კომერციული ბანკისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება;
რ) კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორებთან, შემფასებლებთან, იურისტებთან, ბუღალტრებთან, კონსულტანტებთან ან/და სხვა პირებთან ეფექტური რეზოლუციის მიზნებისათვის. ამ პირების მიერ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე გაწეული მომსახურების ხარჯებს გაიღებს ეროვნული ბანკი;
ს) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისათვის, შეიმუშავოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას;
ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი რეზოლუციასთან დაკავშირებული ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების უცხოური ბანკების ფილიალებზე გავრცელების თაობაზე;
უ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.

2. რეზოლუციის მიზნების მისაღწევად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებები გამოიყენოს ინდივიდუალურად ან ერთობლივად, თითოეული შემთხვევისათვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

3. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებით, ხელშეკრულებებითა და ემისიის პროსპექტით დადგენილი წესების მიუხედავად, ეროვნული ბანკი და მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი სარეზოლუციო უფლებამოსილებებს ახორციელებენ კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების თანხმობის გარეშე. ეს წესი ასევე ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების, გამოქვეყნების, დოკუმენტების რეგისტრაციის, ემისიის პროსპექტის დამტკიცების და კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.

4. კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებას უწევს კომერციულ ბანკს, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, უცვლელი პირობებით გააგრძელოს აღნიშნული მომსახურების მიწოდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისთვის, მისი უფლებამონაცვლისთვის, ასევე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკის შემძენისათვის ან/და დროებითი ბანკისთვის. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, უზრუნველყოს შემძენი ან უფლებამონაცვლე ბანკისთვის ან დროებითი ბანკისთვის სხვა მესამე პირის მიერ მომსახურების მიწოდება კომერციული ბანკის ხარჯით.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, შეცვალოს კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები/წესდება და მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებელი რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ამ მოთხოვნის შესრულება.

6. თუ რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია აქციების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/დროებითი შეჩერება ან ახალი აქციების სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ ხელახალი დაშვება ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ პროცესში შესაძლოა, არ იქნას დაცული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამჟღავნებისა და ანგარიშგების მოთხოვნები ან გარკვეული ვადით გადავადდეს მათი შესრულება.

მუხლი 55. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება

1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ აღნიშნული აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება არ არის/არ იქნება საკმარისი. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის „ნ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები ლიკვიდაციისას დადგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. მოთხოვნა უნდა მოიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვასა და დასაბუთებას დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების შესახებ, მათ შორის, საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

3. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებით სახელმწიფო დაფინანსებას გასცემს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმით:

ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა;
ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა ან/და ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღება;
გ) სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ დაფინანსების გამოყოფა ამ კანონის 555 მუხლით დადგენილი წესით;
დ) სესხის ან/და გარანტიის გაცემა ან/და სხვა ისეთი ფორმით დაფინანსება, მათ შორის პირდაპირი ფორმით, რაც აუცილებელი იქნება რეზოლუციის მიზნებისათვის.

4. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს წილს კომერციული ბანკის კაპიტალში, მან უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ კომერციული ბანკი იმართებოდეს ადეკვატურ კომერციულ და პროფესიულ საფუძვლებზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკის აქციების ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების შეძენის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს გრძელვადიან პერიოდში ბანკის ფინანსური მდგრადობისთვის საჭირო ქმედებებს, რასაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული ბანკი.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი სამართლებრივი აქტით ადგენენ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს.

6. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით, საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულებას სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული კომერციული ბანკისთვის განისაზღვრება ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანების განხორციელებას ვალდებულებების პროპორციულად, რომელიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებებს რომლებიც ამავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან არის დაზღვეული დეპოზიტები. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს ბანკის რისკის პროფილს.

7. შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს: შენატანების დაწესების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის შემადგენელ ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, პერიოდულობასა და ვადებს. ზედა ზღვრის დადგენისას გაითვალისწინება პრინციპი, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდობას ან გადახდისუნარიანობას,"- ნათქვამია კანონში.